Accentnews.ge
სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადება - მდინარაძე

სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადება - მდინარაძე

20/12/2022 10:27:32 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით ექს–პრეზიდენტის ვეყანაში „შემოყვანის სპეცოპერაციის ავტორების“ უზრუნველყოფილია.

„ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ? მათ შორის, შემთხვევითი არ არის, ამ განცხადებასთან თანხვედრაში ლოგიკურად შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი, მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო.

დიახ, მათ აქვთ მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას… ეს ერთმანეთთან კორელაციაში უნდა განვიხილოთ, შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ჩვენ ყველა განცხადებას განვიხილავთ ამ კონტექსტში“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ვინ არის სპეცოპერაციის დამგეგმავი და ვინ ეხმარებოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მდინარაძემ თქვა, რომ ავტორების დასახელებისგან თავს იკავებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S