ევროკავშირის გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების უკანონოდ ცნობის თაობაზე 22 დეკემბრიდან შევა ძალაში
21/12/2022 11:35:44 პოლიტიკა
ევროკავშირის გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების უკანონოდ ცნობის თაობაზე 22 დეკემბრიდან შევა ძალაში.
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ეღიარებინათ მათი დამოუკიდებლობა".
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იმყოფებიან საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ, რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია წევრ სახელმწიფოებში, ასევე, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში", – აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში.


