პაპუაშვილი – სააკაშვილზე: "სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, იყოს ჯანმრთელი, კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი"
22/12/2022 12:31:24 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დაუძლურება მიხეილ სააკაშვილის მეგობრებს მისი ციხიდან გამოყვანის გამო სურთ, ხოლო სახელმწოფოს და ექიმებს უნდათ, ის ჯანმრთელი იყოს.
"როდესაც ექიმებს არ ემორჩილება და არ მიჰყვება იმ დანიშნულებებში, რომელიც მათ აქვთ, შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას... მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი იმაზე, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. არ უნდა, რომ ამაზე აგოს პასუხი. მას არ უნდა, რომ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ, არ უნდა, რომ იყოს ციხეში.
ჩვენ ვაკვირდებით ერთ წელზე მეტია, რომ ცდილობს მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს... სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, ის იყოს ჯანმრთელი. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. მისი მეგობრების ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან", - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის ეზოში.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას.
იხილეთ ასევე: რა თქვა ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


