23-12-2022 15:03:59 საზოგადოება
იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად, დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა. როგორც იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ასევე, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე, გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.
ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს.
"იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის (ტირაჟი: 350.010 ცალი) და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის (ტირაჟი: 20.000 ცალი) პრეზენტაცია გაიმართება 27 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე" - ნათქვამია ინფორმაციაში.