ხაბეიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების დაკავებას აპირებენ"
26/12/2022 11:01:24 პოლიტიკა
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას აპირებენ.
მისი თქმით, "რუსული ოცნება ცდილობს პროტესტის ჩასახშობად სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ ადამიანებზე, ენმ-ს იმ წევრებზე, რომლებიც აპროტესტებენ მკვლელ რეჟიმს".
"საუბარია სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტები კახა კვეკვესკირი, დავით გალოგრე, ხათუნა ბერიძე და პარტიის ლოგისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ გედენიძე იმყოფებოდნენ სასამართლოს ეზოში და აპროტესტებდნენ სააკაშვილის მკვლელობას და პროკურორს, როგორც ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ასახელებდნენ. ჩამოთვლილ ადამიანებზე წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა და ამ ადამიანების დაკავებას აპირებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელ რეჟიმს აპროტესტებენ. საუბარია პროკურორზე, რომელიც ხელს აწერს სააკაშვილის სიკვდილზე და არც აინტერესებს, სასამართლო როდის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გიორგი კირთაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სისხლის სამართლის დამნაშავე გირაოთი გაათავისუფლეს. კონსტიტუციით ადამიანებს გარანტირებული აქვთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გააპროტესტონ ამა თუ იმ ფორმით. თუ იმდენი ადამიანია, რომ გზის გადაკეტვა მოხდეს, მათ ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საუბარია 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტზე. ისინი პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.


