პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს
26/12/2022 13:58:00 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეები გახდა.
„ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


