ფეიგინმა და არესტოვიჩმა სააკაშვილის მხარდასაჭერად საერთაშორისო აქცია დაგეგმეს
27/12/2022 07:02:09 პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსმა უფლებადამცველმა, იურისტმა მარკ ფეიგინმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გადაწყვიტეს, საქართველოს ექს–პრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საერთაშორისო აქცია #SaveMisha(გადაარჩინე მიშა) გამართონ.
ფეიგინმა და არესტოვიმა YouTube-არხზე ფეიგინის გადაცემის ეთერიდან მაყურებლებს მიმართეს, რომ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, 4 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:00-დან 14:00 საათამდე შეიკრიბონ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. არესტოვიჩის თქმით, საელჩოებთან აქცია არ არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. შუამდგომლობის საფუძვლად დასახელებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ ყოფილი [პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.


