კალაძე – სააკაშვილის შესახებ: "განუბაჟებელ საქონლად მისი შემოტანიდან დაწყებული, დღევანდელი შოუებით გაგრძელებული, ყველაფერი დადგმულია"
27/12/2022 08:38:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ყველაფერი დადგმული სცენარია".
"არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან. გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია", – აცხადებს კალაძე.
სააკაშვიილის ოჯახის წევრებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებით, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მიმართავენ. სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მეოთხე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება.
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექს–პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქართველოს ექს–პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 2022 წლის მაისში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სადაც ამ დრომდე იმყოფება.


