საქართველოს პრემიერ–მინისტრი: "გვჭირდება ახალი გენერაციული ობიექტები, რათა ენერგია ევროკავშირში გავყიდოთ"
27/12/2022 10:31:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას შავი ზღვის კაბელის პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "გვჭირდება ახალი გენერაციული ობიექტები, რათა ენერგია ევროკავშირში გავყიდოთ".
მისი თქმით, აღნიშნულის პროექტის განხორციელების პარალელურად, საქართველომ უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის გამომუშავება, რათა ენერგია ევროკავშირის ბაზარზე გაყიდოს:
"რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბუქარესტში, სადაც ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ აღვნიშნეთ ამ პროექტის დაწყება. სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები და ამის შემდეგ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. რას მოუტანს ეს ქვეყანას? შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის პროექტია, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება, ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის ევროკავშირის ენერგოსისტემასთან პირდაპირი დაკავშირება და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს ელექტროენერგიის შესაბამისი გამომუშავება, ამიტომ გვჭირდება გენერაციული ობიექტების განვთარება, აშენება, როგორც ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, თბოსადგურების, რომ ჩვენ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში, ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე".
შავი ზღვის კაბელის შესახებ შეთანხმებას ხელი დეკემბერში, ბუქარესტში მოეწერა ხელი.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განცხადებით, 2023 წელს ქვეყანაში არაერთი ჰესის მშენებლობა დაიწყება.


