Accentnews.ge
“ფაქტი, რომ კონგრესში განიხილავენ ამერიკის დახმარების გადახედვის საკითხს, მოვლენათა ტრაგიკული განვითარებაა საქართველოსთვის“

“ფაქტი, რომ კონგრესში განიხილავენ ამერიკის დახმარების გადახედვის საკითხს, მოვლენათა ტრაგიკული განვითარებაა საქართველოსთვის“

27/12/2022 19:13:47 პოლიტიკა

შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკმა, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, ომის კოლეჯის პროფესორმა რობერტ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში აგორებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

„სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ, სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. ასე რომ, რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? ალიანსს სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში”,- აღნიშნა მან.

მისი ხედვით, საქართველონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს და ალიანსი მას წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამს:

“ვფიქრობ, ზოგადად, საქართველომაც, უკრაინამაც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც გაიგეს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ძლიერია, ვიდრე გვეგონა. მაგრამ ასევე, უფრო მეტადაა მზად, წავიდეს რისკზე და გამოიყენოს სამხედრო ძალა. ეს არის უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი რუსეთი, რომელიც იმაზე მეტ რისკზეა წამსვლელი, გეოპოლიტიკური და ეროვნული კუთხით, ვიდრე ჩვენ ვიფიქრებდით, მაგრამ ბევრად დასუსტებული რუსული ჯარიც კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხეა საქართველოსთვის. რაც შეეხება ნატოს წევრობას, საქართველო შეიძლება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შევადაროთ. საქართველოს არ აქვს ის, უპირატესობა, რაც მათ: საქართველოს არ ჰყავს ორი მეზობელი, რომელიც ასევე ნატოს წევრი უნდა გახდეს ან თუნდაც პოლონეთის მსგავსი ქვეყანა. შეგვიძლია, ვიდავოთ, რომ თურქეთი ასრულებს პოლონეთის როლს საქართველოსთვის, როგორც ნატოს წევრი, დიდი ქვეყანა მის საზღვრებთან, რომელსაც შეუძლია, ერთგვარად შეაჩეროს რუსეთი. მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ყოველთვის ერთად და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით მიდიოდნენ წინ თავიანთი თავდაცვის კუთხით. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. სამხრეთ კავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან და არც ერთი მათგანი არაა ნატოს წევრობის სერიოზული კანდიდატი. ასე რომ საქართველო გარკვეულწილად მარტოა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მან საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. ვფიქრობ, ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა”.

ამასთან, მისი ხედვით, ის ფაქტი, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების პირობითობას, ტრაგიკულია:

“ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S