მარგველაშვილი: "ბოლო 30 წელიწადში მეორედ, რუსების დავალებით არ უნდა მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი"
28/12/2022 08:30:33 პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. მიმართვას, რომელიც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა, უამრავი ადამიანი უერთდება.
მიმართვაზე ხელმომწერები მოქმედ პრეზიდენტს აფრთხილებენ, რომ "კიდევ ერთი პრეზიდენტის ლიკვიდაცია იქნება ის შავი ლაქა, რომელსაც ქვეყნის ისტორია ვერასდროს ჩამოირეცხავს".
"ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს ადამიანის წამება, წამებით სიკვდილით ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება და მეორე - რომ საქართველოში ჩვენი ახალი ისტორიის ბოლო 30 წელიწადში მეორედ, რუსების დავალებით, არ მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი. ეს ორი ძალიან მარტივი თემის ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, მორალური პოზიციიდან გამომდინარე", – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმით, ბევრად მეტად უნდა იაქტიურონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, მეოთხე პრეზიდენტის თქმით, "ამ შემთხვევაში ერთადერთი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია".
თბილისში, წერეთლის გამზირზე "კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანაში, რომელიც ახლა საგამოფენო სივრცეა, ათეულობით ადამიანი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვას უერთდება. მიმართვაზე მიერთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. მიმართვას ხელს აწერენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც.


