დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით აქცია დაანონსდა
28/12/2022 10:51:28 პოლიტიკა
ბუტა რობაქიძის მშობლებმა, სულხან მოლაშვილის ძმამ და თორნიკე გამცემლიძის მამამ დღეს პრეს–კონფერენცია გამართეს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ია მეტრეველმა, ჯამბულ გამცემლიძემ და თორნიკე მოლაშვილმა დღეს, 15:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვა დააანონსეს.
„კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განაცხადა, რომ მას ბევრი ადამიანი უკავშირდება თხოვნით, რომ გააჟღერონ მათი ეს მოთხოვნა.
"სააკაშვილი მართლაც სასათბურე პირობებში, სანატორიუმშია, ეს ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. იგი უნდა იყოს ისეთ პირობებში როგორიც ეკუთვნის. მადლობა თქვას, რომ აღარ არსებობს ისეთი ციხეები, როგორიც შექმნა“ – განაცხადა ია მეტრეველმა.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, სანამ ამ ადამიანს შეიწყალებს, ჯერ სათითაოდ შვილმკვდარ დედებს და მამებს შეხვდეს“, – აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.
„წამოვიდეს ნებისმიერი დედა, რომელმაც ის სია დაწერა და ხელი მოაწერა, ავიყვან ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, კრიალაშვილის, შარაძის, გიორგი გამცემლიძის საფლავებზე და ვაჩვენებ, იქ ისინი როგორ ძლებენ“, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ სააკაშვილის შეწყალების თხოვნაზე ხელმომწერთა შესახებ.


