Accentnews.ge
პრეზიდენტი მმართველ გუნდს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს: "რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან გამართული"

პრეზიდენტი მმართველ გუნდს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს: "რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან გამართული"

28/12/2022 13:40:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტზე "ზეწოლა, ბულინგი, შანტაჟი, მუქარა და დამცირება" ხორციელდება.

მისი თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით აქციას თან ახლდა "მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან ასე ვთქვათ, რომლებიც დღეს მეთაურები [არიან]".

"ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება, დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორც უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს. ვიღაც იყო "ქართუ ბანკში" კარგად მოკალათებული, ვიღაც კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა ეს პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია [...] მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე, მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, ისიც იცის, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც, არავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობები იყოს. [...] ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს – ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაცა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბრიფინგის ბოლოს მან ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, მოკლე რეპლიკით უპასუხა:

"მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".

ორბელიანების სასახლესთან თბილისის მერიის ორგანიზებით, საახალწლო სოფელია გახსნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S