ალეკო ელისაშვილი: "თუ სალომე ზურაბიშვილი „ცეცხლს გახსნის", კარგი იქნება"
28/12/2022 18:17:08 პოლიტიკა
"კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი „ცეცხლს გახსნის“ და ილაპარაკებს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, "ამ ქვეყნის წყევლაა ორი პარტია, რომელიც სინამდვილეში შეხმატკბილებულია".
„7 ნოემბრის შემდეგ კალაძე სააკაშვილის შტაბში იყო და დიდი ალბათობით პრეზიდენტმა ეგ იგულისხმა. კალაძე არ იყო, რეიტუზებით, რომ დარბოდა და დასდევდა სააკაშვილს? ჩემი წარმოსახვით, კალაძე იგულისხმებოდა. კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი „ცეცხლს გახსნის“ და ილაპარაკებს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ამ ქვეყნის წყევლაა ორი პარტია, რომელიც სინამდვილეში შეხმატკბილებულია, ძალიან კარგად გრძნობენ თავს“, - აღნიშნავს ელისაშვილი.
მისი თქმით, აბსურდია პრეზიდენტისგან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა.
"აბსურდია პრეზიდენტისგან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა. განაჩენი არ დამდგარა. სამი ბრალი აქვს წარდგენილი. პრეზიდენტი კი არა, ვერავინ ვერავის შეიწყალებს განაჩენი თუ არ არის დამდგარი. განაჩენი უნდა დადგეს, უნდა მიუსაჯონ რაღაც. ვინც ითხოვს „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეწყალებას, ან ატყუებენ სააკაშვილს და თავის მომხრეებს, თან შიგნით გარჩევებია შიგნით. ახლა სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს! სალომე ზურაბიშვილს ეუბნებიან, რომ სულ შეიწყალე სააკაშვილი. ასე არ გამოდის, სამართლებრივად აბსურდია. ქურდულად ხომ ვერ გაარჩევს?! მარგველაშვილმა მაინც უნდა იცოდეს სიები შემქონდა მისთვის ხელმოსაწერად , როცა პრეზიდენტი იყო. მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე...ბრიფინგზე: „რაც იქნება იქნება“ კი არ უნდა ეთქვა, უნდა ეთქვა, რომ რას ითხოვთ ჩემგან, რაც არ შემიძლია?! ვერ შევიწყალებ. ახლა რომ შევიწყალებ ერთ განაჩენზე, შემდეგ 2 განაჩენზე რიგრიგობით შევიწყალო?!“, - აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, აღნიშნა, რომ ისურვებდა პრეზიდენტი ნაკლებად გაღიზიანებული იყოს:
„ვისურვებდი, რომ დღეს როგორი შეფასებებიც აკეთა, ისე ისაუბროს, ნაკლებად გაღიზიანებული იყოს. ისეთივე პრინციპული იყოს როგორც დღეს და ბოლო პერიოდშია. რეალურ პრობლემებზე ისაუბროს. ბოლო დროს რასაც ვუყურებ მისი პოზიციების სწორია. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ის რომ ევროპარლამენტარები ასე რომ არ უნდა ლანძღონ, როგორც „ქართული ოცნება“ ამას იზიარებს“.
ელისაშვილმა ასევე ისაუბრა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა, ციხესთან შეუგუებლობის პრობლემა აქვს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. ის ვერ ეგუება, სხვანაირი ცხოვრების რიტმით ცხოვრობდა. დაუძლურებულია და ძალიან მძიმე დღეშია. ძალიან უღირსი იყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაუვრცელა კადრები, თან სიმულაცია...სხვა პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. რა, არ გვაქვს?!“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ადამიანები, რომლებიც დღეს ემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მას უკითხავენ მორალს და ასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია”.
მისი თქმით, "ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა – ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას".


