აშშ–ის ელჩი – სააკაშვილის შესახებ: "პირველ ადგილზე და პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ და გავაკეთოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის"
29/12/2022 07:10:23 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ამის შესახებ მან კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის აშშ, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული ომბუდსმენი ჰყავდა ნინო ლონჯარიას სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა იგი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე. ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. თქვენი კონსტიტუციაც და ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე და პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ და გავაკეთოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება", – განაცხადა ელჩმა [ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი].


