დეგნანი: "ვიმედოვნებ, მაუწყებლობის კანონში საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციები აისახება"
29/12/2022 07:18:10 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" გადახედავს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და "გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას". ამის შესახებ მან კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"არსებობს ევროსაბჭოს ნოემბერში გაცემული რეკომენდაცია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. სიძულვილის ენა ისე ფართოდ არის გავრცელებული, რომ შესაძლოა არასწორად იყოს გამოყენებული კრიტიკის გასაჩუმებლად. სიძულვილის ენა ისეთი საუბარია, რომელიც იწვევს ძალადობას და სიძულვილს. უფრო ფართო გაგებით კი, საშუალებას აძლევს მთავრობებს და სხვებსაც, გააჩუმონ კრიტიკოსები, რაც დემოკრატიის დასასრულია. ევროსაბჭომ მოითხოვა ამ კანონის მიღების შეჩერება, რადგან მაუწყებლები ახლა მუშაობენ საკუთარი თანარეგულირების მექანიზმებზე, ამიტომ კანონი მოცდას საჭიროებს, ვიდრე არ დასრულდება ეს პროცესი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი კანონში ჩაიდოს. ვიმედოვნებ, როდესაც ეს კანონი პარლამენტს დაუბრუნდება გადახედვისთვის, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, ასახული იქნება ქართულ კანონშიც", - განაცხადა ელჩმა [ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი].


