Accentnews.ge
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობა გააფრთხილეს – მედია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობა გააფრთხილეს – მედია

29/12/2022 07:30:36 პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილეს,– ამის შესახებ SOVA წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრაზე ევროპული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა მოუწოდეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, აღკვეთოს სააკაშვილის უფლებების დარღვევა ციხეში და დასძინეს, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილმა შეიძლება, დაასრულოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

იუსტიციის სამინისტროს გერმანიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები ეწვივნენ. ჟურნალისტები მოლაპარაკებებზე არ დაუშვეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოგვიანებით საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩი და ასევე, აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს, თუმცა თქვა ისიც, რომ დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

„აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს შევხვდით. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. 22 დეკემბერს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S