გენერალი ზაზა გოგავა: "მიხეილ სააკაშვილი ახლა იქცევა, როგორც პასუხისმგებლიანი უმაღლესი მთავარსარდალი"
29/12/2022 21:00:31 პოლიტიკა
გენერალი ზაზა გოგავა აცხადებს, რომ "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა იქცევა, როგორც პასუხისმგებლიანი უმაღლესი მთავარსარდალი". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა მოკვდება, ხვალ ვერცერთ თაობას ვერცერთი იდეოლოგიით ვერ მიიყვან ბრძოლის ველზე და ვერ გააკეთებინებ იმას, რომ მტერს ებრძოლოს".
"მიხეილ სააკაშვილი ამ წუთას იქცევა, როგორც პასუხისმგებლიანი უმაღლესი მთავარსარდალი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ხშირად გვესმის ასეთი რამ, რომ ხელისუფლება იძახის რომ მოინანიოს, ბოდიში მოიხადოს. ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] იძახის, რომ არ ვარ დამნაშავე, ეს უნდა დამიმტკიცოთ – სწორი მართლმსაჯულებიდან მივიღებ ნებისმიერ შედეგს, მაგრამ არ მივიღებ ამ მართლსაჯულებიდანო. მან რომ თავის თავი დაიხსნას, იგი, რომ დღეს მარტო თავის თავზე ფიქრობდეს, ამას ძალიან იოლად გააკეთებს და ალბათ, ორივე მხარე მიესალმება, რომ ეს დაძაბულობა და ეს ამხელა წნეხი ორივე მხარეს მოეხსნას. მაგრამ მის ქვევით მერე რა მოხდება?! მერე წამოვა ეს ჯაჭვური რეაქცია. იგი დამნაშავე იყო? დამნაშავე უმაღლეს მთავარსარდალთან მე გენშტაბის უფროსი ვიყავი. არსებობს ჰააგის გადაწყვეტილება და ამ დროს გამოდის უმაღლესი მთავარსარდალი და იძახის დამნაშავე ვიყავი და ბოდიშს ვიხდი გამიშვით ეხლაო. ეს შუეთავსებელია. ამიტომ არის, რომ ის ადამიანი იდეისთვის იბრძვის, რომ ეს იდეა არ მოკვდეს, ის, რაც გაკეთდა, რომ ჩვენ მტერს ვებრძოლეთ, მტერთან ბრძოლა გაგრძელდეს. ხვალ ვერცერთ თაობას ვერცერთი იდეოლოგიით ვერ მიიყვან შემდეგ ბრძოლის ველზე და ვერ გააკეთებინებ იმას, რომ მტერს ებრძოლოს. აი, რა მოკვდება. რისთვის ვიბრძოდით მაშინ, თუ ახლა ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ ეს უნდა დავამსხვრიოთ?! ჩვენ ასე ვუყურებთ ამას სამხედროები და ჩემი აზრი ესაა, რომ აქ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეს ადამიანი [ მიხეილ სააკაშვილი] გადაყვანილი იქნას საზღვარგარეთ, ნებისმიერ იმ ადგილას, თუ საქართველოში არის ასეთი კლინიკა", – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი გატყდება, ნომენკლატურა ქვემოთ წამოვა:
"ნომენკლატურა წამოვა ჩვენით, როგორც მე, ისე გენერალ ყურაშვილი, წამოვა ასე. მე დღეს ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] შევცქერი ჩემ იმედად. რადგან მე ამ საქმის მონაწილე ვარ. არ შეიძლება, ყველაფერი კარგი ან ყველაფერი ცუდი ერთ ადამიანს დააბრალო".
როგორც მან აღნიშნა, "დაღუპული ბიჭების მიტოვება იქნება ზუსტად ის, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოზიციას შეეგუება და დათმობს და გადავა მონანიებებზე, რასაც ელოდებიან. ეს იქნება ზუსტად იმ დაღუპულების მიტოვება. ჩვენ ვიძახით, რომ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ომი გრძელდება და ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი", – დასძინა გოგავამ.


