გენშტაბის ყოფილი უფროსი: "თუ გენერალი ჩაჩიბაია პანდორას ყუთს თავს მოხსნის, მე გვერდებს მოვხსნი"
29/12/2022 21:06:04 პოლიტიკა
გენერალი ზაზა გოგავა აცხადებს, რომ გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია პანდორას ყუთით თავის გუნდს აშანტაჟებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა და ჩაჩიბაიას რამდენიმე კითხვით მიმართა.
"ყველამ იცის, რომ მე თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შემცვალა. უმაღლესი მთავარსარდალი იყო მიხეილ სააკაშვილი. თუ მაშინაც ასე ფიქრობდა გენერალი ჩაჩიბაია, რატომ დათანხმდა ამ "პოსტზე" დანიშვნას? როცა მუნდირის ღირსებაზეა საუბარი, მინდა, ყველა მათგანს შევახსენო, მუნდირის ღირსებაც ეს არის – რასაც ემსახურებოდი, რისიც გჯეროდა და შენს უკან ამდენი ადამიანი იყო. ერთი უარი უნდოდა ამ დანიშვნას. თუ ეს ყველაფერი არასწორი იყო ბრძოლის ველზე, თუ მან მაშინვე იცოდა, რომ მე მთავარსარდალმა ზაზა გოგავამ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით ცხედრები დავტოვე ბრძოლის ველზე მიზანმიმართულად. აი, რატომ ვარ მე გაცოფებული. არავის უნახავს ზაზა გოგავა ტელევიზორში 15 წელია. თქვენ გგონიათ პოპულარობა მომინდა და აქ იმიტომ მოვედი? ამას ვერ მოვითმენ იმიტომ, რომ ვალდებულება მაქვს იმ გარდაცვლილ ბიჭებთან. ჩემი ბრძანებით წვანან ისინი მუხათგვერდში და თავიანთ საფლავებში. ვალდებულება მაქვს მათ მშობლებთან, შვილებთან და ყველასთან. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ჩემი ვალდებულებაა. ამიტომ ვთხოვ, მე მათ პასუხს, რომ პოზიციას იმით კი არ უნდა იცვლიდე, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნები. მინდა, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შევახსენო, თუ ოდესმე უნახავთ გენშტაბი ისეთი დემოკრატიული, როგორიც ჩემი ხელმძღვანელობის დროს იყო. ნებისმიერ კითხვაზე პასუხს ვაგებ.
იმ დღეს გამოვიდა ტელევიზიით, რა პანდორას ყუთზე მელაპარაკება, ამ პანდორას ყუთით თავის გუნდს აშანტაჟებს, რომ იცოდეს და გენერალი ჩაჩიბაია პანდორას ყუთს თავს თუ მოხსნის, მე გვერდებს მოვხსნი. მერე ვნახოთ ყველა მხრიდან როგორ გამოჩნდება ეს ყუთი. თავის მოხსნის შემთხვევაში ყველა ვერ ჩაიხედავს ამ ყუთში და გვერდების მოხსნის შემთხვევაში ყველა მხრიდან დაინახავს ამას საზოგადოება . მინდა, იმ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებმა იცოდნენ, იმ სამხედროებმა იცოდნენ, რომლებიც დღესაც ღირსებით აგრძელებენ სამსახურს, თუ ოდესმე უნახავთ ზაზა გოგავა, როდესაც ის რაიმე ცუდს ლაპარაკობს შეიარაღებულ ძალებზე ან თავდაცვის სამინისტროზე. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს დახურული თემაა. მაგრამ როდესაც უკვე პოლიტიკაში გადასული სამხედრო ამას იძახის, ეს უკვე ჩემი ღირსების საქმეა. თუ მაშინაც ასე ფიქრობდა ეს გვითხრას და მერე მაინტერესებს მაშინ მისი კარიერა ასე როგორ განვითარდა? 2008 წელში შემცვალა გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ – სამხედრო წარმომადგენელი აშშ–ში. ის არის წამებული 2008 დან 2012– მდე იმ ხელისუფლების, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მე ვარ მიუღებელი?! მე მაწუხებს ის რომ ამ გარდაცვლილების ოჯახის წევრები გვისმენენ და გვეუბნებიან რა ხდება? ნუთუ ასეთ ღირსებააყრილ ადამიანებთან იბრძოდნენ ჩვენი შვილები? დაღუპული ბიჭების მიტოვება იქნება ზუსტად ის, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოზიციას შეეგუება და დათმობს და გადავა მონანიებებზე, რასაც ელოდებიან. ეს იქნება ზუსტად იმ დაღუპულების მიტოვება. ჩვენ ვიძახით, რომ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ომი გრძელდება და ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი", განაცხადა გოგავამ.


