Accentnews.ge
პოდოლიაკი – საქართველოს ხელისუფლებას: „პატივი ეცით საკუთარ ისტორიას, იყავით სუვერენულები“

პოდოლიაკი – საქართველოს ხელისუფლებას: „პატივი ეცით საკუთარ ისტორიას, იყავით სუვერენულები“

30/12/2022 16:09:28 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა „რადიო მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამასთან, მან კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წევრების შეფასებაზე, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მოწოდება შიდა საქმეებში ჩარევაა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაზე, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება სპეცოპერაცია იყო, რომელშიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვინ არიან ქართველები უკრაინელებისთვის, აქ კითხვები არ არსებობს“, თუმცა სხვა საკითხია საქართველოს ხელისუფლება.

„არანაირი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არ იქნება ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ის დიდი პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულიდან მომდინარეობდა და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში. ზოგჯერ საჭიროა, აზროვნება ჩავრთოთ და გავაანალიზოთ, რას ვამბობთ. მეორე – საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანიტარული სივრცეა. ადამიანები, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა, არ ესმით ჰუმანიზმის არსი. ზუსტად ვიცი, რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ამისთვის 10 თვე გვქონდა. პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან იყო კონკრეტული შეთავაზება, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე იქონიეთ ნორმალური დამოკიდებულება საკუთარი ისტორიის მიმართ, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა. ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, ის საქართველოს ისტორიის ნაწილია. ამას ხაზს ვუსვამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სადღაც აზროვნებაში იკარგებიან. ისწავლეთ საკუთარი ისტორიის პატივისცემა. თუ არ გინდათ ახლა სცეთ პატივი საკუთარ ისტორიას, დაფიქსრდით, როგორ წარმოჩინდებით მომავალი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში. თუ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში გარდაიცვლება (ივანიშვილს, კობახიძეს და სხვა დანარჩენებს ვგულისხმობ), დაფიქრდით, როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თქვენი სახელები. სწორედ რომ ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე ვთავაზობთ ამას საქართველოს ხელისუფლებას. ვხედავ სააკაშვილის რთულ მდგომარეობას. გვესმის, რომ თქვენ მის მიმართ უცნაური დამოკიდებულება გაქვთ, შესაბამისად, საქართველოს ვთავაზობთ, მოიქცეს ისე, როგორც სრულყოფილ, ცივილურ სახელმწიფოს შეეფერება. არ გსურთ, ავად მიიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები? უბრალოდ გაუშვით სამკურნალოდ უკრაინაში. არ გსურთ უკრაინაში? მაშინ გადაიყვანეთ ნებისმიერ ქვეყანაში. გამოავლინეთ ადამიანობა, რასაც შემდეგში ყოველთვის გაიხსენებთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ თამაშობთ ისტორიასთან. თქვენ არ ხართ იმხელა ფიგურები, რომ ამის უფლება მისცეთ საკუთარ თავს, საკუთარი ისტორია გაანადგუროთ. საქართველო დამოუკიდებელია 1991 წლიდან. გთხოვთ, დაფიქრდით, მიმოიხედეთ ირგვლივ, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებთ. ჩვენ დღეს პოლიტიკური თამაშებით არ ვართ დაკავებული, არ ვსაუბრობთ გაუგებარ სპეცოპერაციაზე, განცხადებები ჩვენი მხრიდან მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარეობს. ვიმეორებ, პარტნიორული რჩევაა, დაფიქრდით თქვენს როლზე საქართველოს ისტორიაში“,– თქვა პოდოლიაკმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის ირგვლივ მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან:

„მოლაპარაკებების პროცესი არ მიმდინარეობს რადგან ისედაც არის აშკარა საკითხები, რაზეც მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ირონიულად გეტყვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაგებით ვართ განწყობილნი, მაგრამ ვის მხარეს თამაშობს ამ ომში საქართველო? ომის 2–3 თვის განმავლობაში თუ შეიძლებოდა ასე მოქცევა, დღეს – 10 თვის შემდეგ ვფიქრობ, რომ ასე მოქცევა გასაკვირია. როგორც ცხვრები, ისე მიერეკებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ, სჯერათ იმ ყველაფრის, რასაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. დაფიქრდით, იყავით სუვერენულები. სუვერენულობის გამო ხომ დაიბრუნა საქართველომ დამოუკიდებლობა?! ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მარტივი ამბავია“.

მან ისაუბრა საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების იმ განცხადებებზეც, რომლის მიხედვითაც, უკრაინას საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნა სურს:

„მათი უფლებაა, პოლიტიკური განცხადება გააკეთონ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი. იცით, ჩვენ შევძლებთ, თავად შევძლებთ ყველაფერს. არ გვჭირდება მეორე, მესამე ფრონტი. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ იარაღით ან გენერატორებით. დაგვეხმარეთ, უბრალოს არ შეგვიშალოთ ხელი, ნაკლები ილაპარაკეთ. არავინ აიძულებს საქართველოს, მით უმეტეს ჩვენ, საქართველომ რუსეთთან ომი დაიწყოს იმ ძალთა შეუსაბამობის გათვალისწინებით. ვისურვებდით, საქართველოს ხელისუფლებას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონოდა ამ ომთან დაკავშირებით. მაგრამ არ უნდათ? ნუ უნდათ. ბოლოს, მთავარი – თუ ვაჟკაცი ხარ, გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ. მზად ხარ, რაღაც გააკეთო და არა მხოლოდ ილაპარაკო, თითქოსდა ვიღაც გაიძულებს ვაჟკაცური საქციელი ჩაიდონო. ზუსტად ვიცი, უკრაინა ამ მხრივ არავისზე განახორციელებს ზეწოლას. არ არის საჭირო დაბრალება უკრაინისთვის, იყავით სუვერენულები“.

მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, „ნუ იქცევით ისე, თითქოს თანაბარ მდგომარეობაში ხართ: 10 თვეა, ურდოსთან ვომობთ და ამიტომ, ცოტა უფრო კორექტულად განცხადებებში. ქართველი ხალხის მიმართ სიმპათიით ვართ განწყობილი, არ გინდათ რაღაც კონსპირაციებზე საუბარი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S