ხაბეიშვილი: "ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილია, 2023 წელს უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი"
03/01/2023 08:56:48 პოლიტიკა
"2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "საქართველოსა და ევროპას შორის კარში ბიძინა ივანიშვილი დგას".
"თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ისტორიული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში, ევროპაში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს, მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი გარდაუვლად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ, საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე, ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად, ხვალ, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან, 18:00 საათზე და ასევე 18:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. კანცელარიიდან ხვალ, ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილია და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი,“- განაცხადა ხაბეიშვილმა
4 იანვარს აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. იგი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.


