ნაყოფია ხაბეიშვილის შესახებ: "ყველა მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული, ცოტა გაუგებარი და საწყენია, რომ ბოლო წუთს ხდება აქციის ლოკაციების შეცვლა"
03/01/2023 12:20:39 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივნის, კობა ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია წინასწარი იყო შეთანხმებული პარტიის ყველა წევრთან და გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია დაგეგმილი აქციის განსხვავებულ ადგილზე დაანონსება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქციები. ლოკაციები პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დაიდო, თუმცა დღეს მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ლოკაციების შეცვლასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია მხარეებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. მე მქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ამ კანდიდატების წარმომადგენლებთან. ყველამ იცოდა ლოკაცია და დრო. ჩემთვის ცოტა გაუგებარიც არის და საწყენიც, რომ ასე ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა და მერე საუბარი იმაზე, თითქოს, არ იყო მათთვის ეს ცნობილი და ა.შ. ეს არის მიშას აქცია, ეს არის მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, მათ შორის, დრო და ლოკაცია და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ბევრი ვიყოთ", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის: „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია 4 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისში - მშვიდობის ხიდთან, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქში ჰქონდა დაანონსებული, თუმცა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აქციები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართებოდა.


