ფეიგინი: "გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება"
04/01/2023 08:46:57 პოლიტიკა
რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის განცხადებით, გლობალური აქცია ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსოფლიოს მინიმუმ, 40 ქალაქში გაიმართება.
აქცია თავად ფეიგინის ინიციატივით იმართება. უფლებადამცველი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გამოცხადებულია გლობალური საერთაშორისო აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. 4 იანვარს 12:00 საათიდან დაახლოებით 14:00 საათამდე, ყველას შეგიძლიათ მიხვიდეთ საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან, იმ ქვეყნებში, რომლებშიც იმყოფებით. ახლა მოდის ინფორმაცია, რომ მინიმუმ, 40-მდე ქალაქში გაიმართება ეს აქცია და თავად საქართველოშიც გამოვა ბევრი ხალხი", - განაცხადა მარკ ფეიგინმა.
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, სადაც მოითხოვენ, მესამე პრეზიდენტს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
მსოფლიოს ქალაქებში, საქართველოს საელჩოებთან აქციების გამართვის ინიციატივით სწორედ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი გამოვიდნენ.


