ვოლსკი: "რასაც კასიანოვი დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას"
09/01/2023 11:23:52 პოლიტიკა
"კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში, რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
კითხვაზე გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, ვოლსკი პასუხობს, რომ მას გულისხმობს.
"კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება - გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ და სწორედაც ვამბობთ, რომ ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორეც იქ რა გარიგებები მოხდა ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი", - განაცხადა ვოლსკიმ.


