
არაპროგნოზირებადი ვალუტა: რას უკავშირებენ ეკონომისტები ლარის რეკორდულ გაუფასურებას
22/05/2019 05:38:53 ეკონომიკა
5 თვიანი პერმანენტული გაუფასურების შემდეგ, ერთი დოლარი ამჟამად ოფიციალურად 2 ლარი და 77 თეთრი ღირს, თუმცა დოლარის შესაძენად რეალურად უფრო მეტი თანხა დაგჭირდებათ, რადგან სავალუტო ჯიხურებში ფასი ცვალებადია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის, მათ შორის თურქეთში მიმდინარე მოვლენებით:
„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვარ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან.
განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ეკონომისტებს:
“მთავარი პრობლემა, ის რომ ჩვენ გვაქვს მერყევი ვალუტა – ხან უფასურდება, ხან მყარდება. არაპროგნოზირებადი ვალუტა უკავშირდება სუსტ ეკონომიკას; რეფორმებს, რომლებიც უკვე წლების განმავლობაშია, მიმდინარეობს; არათანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და მეტიც, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობას. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების და ვალუტის შემოსვლის ტემპები დაბალია, შესაბამისად, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეროვნული ვალუტა უფასურდება,“-ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
"გადასახადის გადამხდელთა კავშირში" შიშობენ, რომ „ლარის კურსის რყევა სახელმწიფო შესყიდვებში რისკებს ქმნის“. კერძოდ, ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ.
„ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას. მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით“, - აცხადებენ "გადასახადის გადამხდელთა კავშირში".
ეკონომისტი ლაშა გოცირიძე მთავრობას ურჩევს ნაკლებად ჩაერიოს ეკონომიკაში. გოცირიძე ამბობს,რომ ახლა საჭიროა ხელისუფლებამ თავის შეიკავოს ახალი რეგულაციების შემოღებისგან და სადაც შესაძლებელია, შეამციროს გადასახადები.