პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება
10/01/2023 06:22:21 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 7 თებერვალს განაახლებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე საქმიანობას თებერვლის პირველ სამშაბათს იწყებს.
მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება. მისაღებია რამდენიმე გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მათ შორის, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩავარდა, პოლიტიკური მხარეები კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნასაც ე.წ. დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკურ მხარეებს საშუალება ექნებათ ინტერპელაციის ფორმატის გამოყენების, ასევე მინისტრის საათის ფორმატში მთავრობის წარმომადგენლების მოსმენის და მათი საქმიანობის შეფასების.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.


