დოლიძე – სავარაუდოდ, მელიას ჩანაწერების შესახებ: "ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ხაბეიშვილი"
10/01/2023 08:53:05 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ფარული ჩანაწერის არსებობის შესახებ ენმ–ში იცოდნენ.
მისი თქმით, ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა.
„ეს არის ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაცია. ფარდის უკან ცდილობენ სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ. ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული და რასაც ვუყურებ მეორეჯერაც უშვებენ და სხვებსაც აშვებინებენ. [...] ეს არის მერაბიშვილის ხელწერა. ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამწუხაროდ ჭკუა ვერ ისწავლეს. პირდაპირ გეუბნებით რა, ძალიან ცუდ მდგომაროებაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი. [...] მე რომ არ ვიცოდე აღნიშნული ჩანაწერების შესახებ და ეს იყოს ახალი ნიუსი, პირდაპირ გეტყოდით რომ სუს-ია. თვენახევარია ამ ჩანაწერებს რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში დაატარებენ. [...] „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს, რომ ნიკა მელია იყოს დამარცხებული ამ არჩევნებში, რადგან სხვა შემთხვებაში სხვა ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა მათთვის გაცილებით მარტივი იქნება”, – აცხადებს ბაჩო დოლიძე, რომლის კომენტარსაც „TV პირველი“ ავრცელებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ 28-29 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის: სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.


