Bellingcat სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას სთავაზობს
10/01/2023 14:54:54 პოლიტიკა
საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს საჯაროდ მიმართა და დახმარება და თანამშრომლობა შესთავაზა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საქმის გამოძიებაში.
„დარწმუნებული ვარ, ისინი [საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები] ამ გამოძიებით დაინტერესებული არიან. ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ, თუ ისინი მზად არიან, გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ხალხის ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის კვეთა და ყველაფერი, რაც მათ მიაჩნიათ, რომ დამატებით შესამოწმებელია“, - განაცხადა გროზევმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.
მისი თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, შეისწავლეს ნიმუშები, კონსულტაცია გაიარეს ქიმიური იარაღის რუს ექსპერტებთან და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია ყველაზე მეტად სავარაუდოა.
ამასთან, გროზევი მიიჩნევს, რომ მოტივიც არსებობს: "სააკაშვილი ეფესბეს და გრუს მტრების წრეში შედის, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ“.
მიხეილ სააკაშვილმა გროზევს მისი შესაძლო მოწამვლის გამოძიების თხოვნით 4 იანვარს მიმართა.


