
“აფხაზეთის საკითხში კრემლზე ჩრდილოეთ კავკასიამ იმოქმედა: საფრთხე ექმნებოდა თავად რუსეთის უსაფრთხოებას”
27/02/2019 15:38:27 კონფლიქტები
„რადიო თავისუფლება“ 1992-93 წლების ომზე სტანისლავ ლაკობას – ისტორიის პროფესორს, წიგნის „აფხაზეთი – დე ფაქტო, თუ საქართველო – დე იურე?“ ავტორს, წარსულში აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრს (1991-1996), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აფხაზური უშიშროების საბჭოს ორგზის თავმჯდომარეს (2005-2009 და 2001-2013), ომის დროს დეპუტატსა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრა. „აქცენტი“ მასთან ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
ნაწილი მეორე
- ინტერვიუს პირველ ნაწილში აფხაზეთის ომში ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის როლებზე ვისაუბრეთ. ეხლა ვლადისლავ არძინბას როლს შევეხოთ. სამხედრო ვითარებაში, როცა აფხაზეთში უკვე საბძოლო მოქმედებები იყო დაწყებული, რა ურთიერთობები იყო სამ ლიდერს შორის? დაახასიათეთ, თუ შეიძლება, ვლადისლავ არძინბა, მისი ქცევა და ვითარების ხედვა...
- რა თქმა უნდა, არძინბას მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ რუსეთი და საკუთრივ ელცინი, რომელსაც ის ცოტა ხნით ადრე შეხვდა, განზე არ დარჩებოდნენ და გარკვეულ დახმარებას გაუწევდნენ. ომის პირველ დღეს, 14 აგვისტოს იგი ელცინთან დაკავშირებას ცდილობდა. ეს უკანასკნელი სოჭში იყო და მის ნაცვლად რამდენჯერმე [ალექსანდრე] კორჟაკოვმა (იმხანად - რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი) უპასუხა: «ბორის ნიკოლაევიჩი ზღვაშიაო…». ასე, რომ ფაქტობრივად, არანაირი კონტაქტები არ იყო. პარალელურად ვხედავდით რუსი სამხედროებისგამალებულ ევაკუაციას.
“ვლადისლავს დაბნეულობა ეტყობოდა, თუმცა ხელები არ ჩამოუშვია”
ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ვლადისლავ არძინბას გარკვეული დაბნეულობა ეტყობოდა, თუმცა ხელები ნამდვილად არ ჩამოუშვია. 14 აგვისტოს მან აფხაზეთის ტელევიზიით განცხადება გააკეთა, მიმდინარე მოვლენებს აგრესიის აქტი უწოდა და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დღეს ვითარებაში გარკვევა ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო.
“მოსკოვმა კოზირევის უწყების სახით მხარდაჭერა აფხაზეთის ნაცვლად საქართველოს ხელმძღვანელობას გამოუცხადა”
მით უფრო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელმძღვანელობას მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმას, რაც ხდებოდა. ეს [ანდრეი] კოზირევის [იმხანად – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი] დროს იყო და, სხვათა შორის, 1992 წლის 19 აგვისტოს «თავისუფალ საქართველოში» გამოქვეყნდა. მათ მხარი დაუჭირეს ამ აქციას, თქვეს, რომ ეს იყო ბრძოლა სეპარატისტებთან, ტერორისტებთან და ა.შ.. არადა, იცით, აქ რაც ხდებოდა, რას სჩადიოდენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის - რუსების, ბერძნების, სომხების მიმართ, – რომ აღარაფერი ვთქვათ აფხაზებზე. იმ დღეებში აქ ნამდვილი გენოციდი იყო. საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ლომინაძეც კი იხსენებდა მერე: «კიტოვანის გვარდიელები ქალაქს მუსრივით შეესივნენ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი ურცხვები თუ ვიქნებოდით. ჩვენ ბევრ რამეში მიგვიძღვის ბრალიო»...
“ელცინი რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყო, არანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა, მაგრამ მოხდა შეთქმულება”
რაც ხდებოდა, არძინბასთვისაც სრული მოულოდნელობა იყო. იგრძნობოდა, რომ ის გამალებით ცდილობდა, რაიმე მოემოქმედა, გაერკვია, [რუსეთის] პირველ პირს ტელეფონით დაჰკავშირებოდა. ხომცხადია, ელცინი რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყო, არანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა,მაგრამ მოხდა შეთქმულება. თუმცა ეს დღესაა ცხადი, როდესაც შესაბამისი დოკუმენტები და მასალებიგვაქვს ხელთ.
“ვლადისლავზე ნადირობა იყო გამოცხადებული… არძინბა მხოლოდ 17-ში ვიხილეთ”
დიახ, დეპუტატების გარკვეული ნაწილი არძინბას მხარში ედგა, თუმცა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი მიუწვდომელი იყო. ვაცნობიერებდით, რომ მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული,ღიად ამბობდნენ, “არძინბას საკითხი გადასაჭრელიაო». მოგვიანებით გარკვეული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან ჩაფრენილი ერთ-ერთი ТУ-134 ქართველი სპეცრაზმელებით ადლერის აეროპორტში იდგა: როგორც ჩანს, ეგონათ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაიქცეოდა და ისინიცსაზღვარზე ყველას დააკავებდნენ, თვითმფრინავში ჩასვამდნენ და თბილისში წაიყვანდნენ, მათ შორის – დეპუტატებსაც… მერე დაიწყო დესანტის გადმოსხმა რუსეთთან საზღვრის მხარეს, რათა რუსეთის საზღვრიდან მოვეკვეთეთ...
“მოსკოვიდან პირველი ზარი 17-ში შემოვიდა – რეკავდა ბურბულისი და ამ ზარმა არძინბას განწყობა სრულიად შეცვალა”
მხოლოდ 17 რიცხვში ვიხილეთ ვლადისლავი გუდაუთაში. წინა დღეებში [მასთან] კონტაქტი არ იყო, მხოლოდ დაცვა ახლდა. სწორედ 17-ში განხორციელდა მოსკოვიდან პირველი ზარი: გუდაუთაში ყოფნისას ვლადისლავის დაცვამ - ვიტალი ბგანბამ მას ტელეფონთან უხმო – რეკავდა [გენადი] ბურბულისი (ელცინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ითვლებოდა “რუხ კარდინალად”) - იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი.
იმ საღამოს ვლადისლავი ჩვენს წინაშე გამოჩნდა და უკვე სულ სხვა განწყობაზე იყო. მას შემდეგ განწყობა ყოველდღიურად უუმჯობესდებოდა. იგი სიტყვითაც გამოვიდა გუდაუთაში, აივნიდან და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
“პავლე არძინბა და ვალერი აიბა – ამ ადამიანებმა შექმნეს წინააღმდეგობის მოძრაობის ჩონჩხი”
არცთუ მცირე როლი ამ ყველაფერში პავლე არძინბამ ითამაშა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერაქტის შედეგად მოკლეს (http://accent.com.ge/ge/news/details/44121). იგი ვლადისლავს გვერდში ამოუდგა, გააჩნდა შესაძლებლობები, რომელთა წყალობით დაიწყო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენა.
ვალერი აიბაც მის გვერდში იყო. სწორედ ამ ადამიანებმა ჩამოაყალიბეს წინააღმდეგობის მოძრაობის ჩონჩხი. რიგი დეპუტატებიც გვერდში დადგნენ, თუმცა ყველა არა - ერთი 14 კაცი. რაც შეეხება დანარჩენებს, ხანდახან ძნელი გასაგაები იყო, საერთოდ რაში მდგომარეობდა მათი როლი...
ვლადისლავი ძალებს იკრებდა. წარმოიდგინეთ, რა რთული იყო მისთვის: ადამიანების დაღუპვა, ტრაგედია, მოსახლეობის გადაადგილება, შესაბამისი პირობების შექმნის საჭიროება დევნილთათვის, რომლებმაც აფხაზეთის ოკუპირებული ნაწილიდან გამოაღწიეს...
“ყველა – ლიბერალებიც, დემოკრატებიც, ნაციონალისტებიც მხარს უჭერდნენ აფხაზეთს, მათ შორის - ელენა ბონერიც”
არ წყდებოდა კონტაქტები რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა – ლიბერალებიც, დემოკრატებიც, ნაციონალისტებიც – ყველა მხარს უჭერდა აფხაზეთს. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, ელენა ბონერი, დეპუტატი [გალინა] სტაროვოიტოვაც. ისინი იცნობდნენ აფხაზეთს და ესმოდათ, რაც ხდებოდა. ამბობდნენ: «თუ რუსეთმა თქვენ [საქართველო] გაგიშვათ, მოდით, თქვენც გაუშვით აფხაზეთი. ბოლოს და ბოლოს, ქართველებო, რას სჩადითო?!”.
“კრემლზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის ხმამ: დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თავად რუსეთის უსაფრთხოება”
რა თქმა უნდა, ელცინსა და რუსეთის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის ხმამ: მათ დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თავად რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება. მხედველობაში მაქვს სამოხალისეო მოძრაობა აფხაზეთის მხარდასაჭერად, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია… ეს ყველაფერი იმდენად ძლიერ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ელცინი და სხვები იძულებულები გახდნენ, კურსის კორექტირება მოეხდინათ.
[მანამდე] ისინი ფიქრობდნენ, ჩუმად, ხმაამოუღებლათ “მიესრულებინათ” აფხაზეთი, საქართველოს მოჰლაპარაკებოდნენ, - “შევარდნაძე ხომ მაინც ჩვენი კაცია, მოსკოვშია ნამუშევარი, გამსახურდია ჩვენი კაცი არაა და თუ მის ნაცვლად შევარდნაძე გვეყოლება, ჩვენს ხელთ იქნება მთელი ყოფილი საქართველოს სსრ აფხაზეთის ჩათვლითო”. პრობლემები არ უნდოდათ და, როგორც ჩანს, დიდად არც კი ესმოდათ საკითხი, რომელზეც საუბრობდნენ.
თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ერკვეოდნენ, - მაგალითად სერგეი ბაბურინი [იმხანად - დეპუტატი], რომელმაც შეისწავლა ჩვენი პრობლემა. იყვნენ სხვებიც, ჩამოდიოდნენ დეპუტატები და არა მარტო...
ვლადისლავს რომ დავუბრუნდეთ, მან ძალიან მტკიცედ დაიჭირა თავი, საოცარი გამბედავობა და სიმამაცე გამოიჩინა. ვერავინ იქნებოდა იმგვარი ლიდერი, როგორიც ის იყო იმ პერიოდში. როგორც ისტორიკოსი, იგი კარგად აცნობიერებდა თავის როლს და რეალურად, მაშინ ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო.
“გენერალი შარაშენიძე პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაზე მთელი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს აკისრია”
თავის მემუარებში გენერალი ლევან შარაშენიძე – იმხანად თავდაცვის მინისტრი პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაზე მთელი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს აკისრია.
ომის წინ, მაისის თვეში შარაშენიძეს არძინბასთან შეხვედრა ჰქონდა და ვლადისლავმა უთხრა: «თუ საჭიროა, თბილისშიც კი ჩამოვალ და იქ ვისაუბროთო». შარაშენიძე წერს, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძეს მოახსენა, თუმცა ის არ რეაგირებდა – უბრალოდ სურდა, გაეცამტვერებინა, მიწასთან გაესწორებინა ყველაფერი, დაემცირებინა [აფხაზეთი]... აი, რაზე ფიქრობდა იგი…
“პირველ ხანებში ზვიადი უკიდურესად შოვინისტური განცხადებებით გამოდიოდა. სწორედ ამან განაპირობა ლიხნის 1989 წლის სახალხო შეკრება”
- გამსახურდია რა როლს ასრულებდა? რა შეხედულებები ჰქონდა მას და იცვლებოდა თუ არა ეს შეხედულებები?
- პირველ ხანებში იგი უკიდურესად შოვინისტური განცხადებებით გამოდიოდა საქართველოს ყოფილი სსრ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი ხალხის მიმართ. ასე, მაგალითად, 1989 წლის დასაწყისში იყო მისი მიმართვა «ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველობისადმი», რომელშიც მან აფხაზების წინააღმდეგ გაილაშქრა, მოგვიხსენია მომხდურებად, რომლებსაც აფხაზეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.იმისკენაც კი მოუწოდა ქართველებს, რომ აფხაზების ქორწილებსა და გასვენებებში არ ევლოთ. აი, ასეთი მეწვრილმანეობრივი რაღაცეები ხდებოდა 1989 წელს, თუმცა ამაზე ცოტას საუბრობენ. არადა, ეს ხომ 1989 წლის დასაწყისი იყო და, სხვათა შორის, ამ ყველაფერმა მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა არა მარტო აფხაზებს, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა არაქართველებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმხანად ჩვენთან მცხოვრებ ქართველებსაც.
სწორედ მსგავსმა გამონათქვამებმა განაპირობა 1989 წლის აპრილში ლიხნის მრავალათასიანი სახალხო შეკრება, რომელზეც აფხაზეთის 1921 წლის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენის საკითხი დაისვა.
“რეფერენდუმის შემდეგ გამსახურდიამ დაინახა, რომ შეიქმნა კოლოსალური საფრთხე და სულ სხვაგვარად დაიწყო საუბარი”
გამსახურდია ამ ხაზს დაახლოებით 1991 წლის მარტამდე ინარჩუნებდა, - იმ მომენტამდე, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთში სადესანტო-დამრტყმელი ბატალიონი გადმოისროლეს, მოქმედებდა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია. ზვიადმა დაინახა, რომ შეიქმნა კოლოსალური საფრთხე. თანაც იმ დროისთვის ის უკვე ინრძოდა სამხრეთ ოსეთში. როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებდა.
და აი, მოულოდნელად სულ სხვაგვარად დაიწყო საუბარი: განაცხადა, რომ აფხაზები ისეთივე ძირძველი მაცხოვრებლები არიან, როგორიც ქართველები, ალაპარაკდა ორაბორიგენიანობაზე…
“ზვიადი გვთავაზობდა ეთნიკურ საპარლამენტო კვოტებს და აფხაზურ-ქართულ კონფედერაციაზეც კი დაიწყო საუბარი”
გამსახურდიამ ისიც კი თქვა, რომ საჭირო იყო პარლამენტის ფორმირება და კვოტირება ეთნიკური პრინციპით. მას სთავაზობდნენ (კერძოდ აფხაზი იურისტი ზურაბ აჩბა) ორპალატიან პარლამენტს – რესპუბლიკის პალატას და ეროვნებათა პალატას, რომელშიც ყველა თემი იქნებოდა წარმოდგენილი. თუმცა მას ეს არ მოეწონა, თქვა, რომ ეს ძალზე საშიში ინსტრუმენტი იქნებოდა თავად საქართველოსთვის: ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემთხვევაში საქართველოში მცხოვრებ დიდ ეროვნულ ჯგუფებს, მაგალითად სომხებსა და აზერბაიჯანელებს პარლამენტისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლიათო. ამიტომაც ეთნიკური კვოტები შემოგვთავაზა: 28 დეპუტატი - აფხაზი, 26 – ქართველი, 11 - რუსულენოვანი.
მეტიც, იგი კიდევ უფრო შორს წავიდა და იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ურიგო არ იქნებოდა, ჩეხოსლოვაკიის ანალოგიით შექმნილიყო აფხაზურ-ქართული ფედერაცია.
ერთი სიტყვით, როგორც მე მესმის, მან უფსკრულის პირიდან უკან სვლა დაიწყო და გააცნობიერა, რომ ომს ყველა შემთხვევაში მშვიდობა სჯობს.
“შევარდნაძე ძალისმიერი გზის მომხრე იყო და არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა. სწორედ ის არის დამნაშავე”
- პუბლიკაციებში ვხვდებით მოსაზრებას,რომ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ჯარების შეყვანის ინიციატორი შევარდნაძე არ ყოფილა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ამ მხრივ ძალიან საინტერესოა თავდაცვის ექს-მინისტრ ლევან შარაშენიძის აზრი. ის წერს, რომ 1992 წლის თებერვლიდან მაისამდე ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა არძინბასთან და ეს უკანასკნელი თანახმა იყო, შევარდნაძეს შეჰხვედროდა, თუმცა შევარდნაძე დამნაშავე იყო, რადგან არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა.
- და რატომ არ სთანხმდებოდა არძინბასთან შეხვედრას? როგორ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ შევარდნაძე პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე იყო განწყობილი. იოსელიანისა და კიტოვანის მსგავს გარემოცვაში მას მანევრირებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები არც ჰქონდა.თუმცა მოსაზრება, თითქოს შევარდნაძე ჯარების შეყვანის წინააღმდეგი იყო და ეს სხვების დაჟინებული მოთხოვნით გააკეთა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
წაიკითხეთ, მაგალითად, როგორ გამოვიდა შევარდნაძე 11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე. იგი ამბობდა, “წესრიგს დავამყარებთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე - ლესელიძიდან დაწყებული და ჩვენი საზღვრები ურყევიაო”.
- ომის დაწყებამდე ბევრს ჰქონდა წარმოდგენა, რომ შევარდნაძე საკმარისად გონიერია და დიპლომატიური იყო საიმისოდ, რომ ომი არ დაეწყო. თქვენ კი ამბობთ, რომ მას აფხაზეთის ბლიცკრიგით განადგურება უნდოდა. რატომ ვერ შეაფასა სათანადოდ წინააღმდეგობის შესაძლებლობები?
- ამას მე კი არ ვამბობ, ამაზე დოკუმენტები და მასალები მეტყველებს. მართლაც, ამ გზით მას აფხაზეთის პრობლემის სწრაფად გადაჭრა სურდა. მათ ხომ სამეგრელოს მაგალითი ჰქონდათ თვალწინ, სადაც შევიდნენ და ყველა გაიქცა. დახოცეს ხალხი, დასცინეს და ალბათ, ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთშიც იგივე იქნებოდა. თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
“მთელი ცხოვრების და კარიერის მანძილზე შევარდნაძისთვის აფხაზეთი იდეა-ფიქსი იყო, ამის ყოველთვის ძალიან ეშინოდა”
მთელი მისი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე შევარდნაძისთვის აფხაზეთი ერთგვარი იდე-ფიქსი იყო. ყველა თათბირს იწყებდა შეკითხვით: «რა ხდება აფხაზეთშიო?» და ამის ყოველთვის ძალიან ეშინოდა.
რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად გადაჭრილიყო. ლევან შარაშენიძეც კი წერს, რომ გაოცებული იყო, რატომ ვერ შეძლო ამ ადამიანმა [შევარდნაძემ], რომელიც რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა და უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, 5-6 თვის მანძილზე საერთო ენა ეპოვა არძინბასთან და აფხაზეთთან? ასეა, თუ ისე, შევარდნაძეს არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოუდგამს.
სხვათა შორის, ქართველი ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირიც წერს, რომ გასაოცარია, როგორ წავიდა ამ ყველაფერზე ადამიანი, შევარდნაძის ოდენა გამოცდილებით? ის უნდა ჩასულიყო თუნდაც სოხუმში და მოელაპარაკებინა არძინბასთან, გაერკვია, რა სურდათ აფხაზებს და რა - ქართველებს.
ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც შარაშენიძე წერს. როგორც ჩანს, მიზანი სულ სხვა იყო – აფხაზების პრობლემის ერთბაშად, სამხედრო გზით მოგვარება. ჩემთვის ეს სრულიად ნათელია.
“შევარდნაძე ამას უმთავრესად კიტოვანის ხელით აკეთებდა. როგორც ჯაბამ მითხრა, ყველაფერი 11 რიცხვში გადაწყვიტეს”
თუმცა ის [შევარდნაძე] ამას უმთავრესად კიტოვანის ხელით აკეთებდა. მე ვესაუბრე იოსელიანს ჟენევაში 1994 წელს, როდესაც მოლაპარაკებათა პროცესი წარმოებდა. ვკითხე, “ჯაბა, ეს როგორ მოხდა?”-მეთქი. მიპასუხა: «იცი, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს შევარდნაძემ და კიტოვანმა ჩაიდინეს. 11 რიცხვში გადაწყვიტეს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც არც კი დავსწრებივარო”. და მართლაც, ის იმ სხდომაზე არ იყო.
“ჯაბას ვკითხე, “ოჩამჩირეში ეს რა ჩაიდინეთ?”-მეთქი. მიპასუხა: «თითოეულ არაკაცზე ხომ ვერ ვაგებ პასუხსო?!»
კიდევ ერთი საინტერესო რამ მითხრა ჯაბამ: «მერე ვაფრთხილებდი [შევარდნაძეს და კიტოვანს], ეს არ გაეკეთებინათ. ვთქვი, რომ აფხაზებს ვიცნობ. რა გგონიათ, მოგცეს თვითმფრინავები, ტანკები და ახლა აფხაზებს გადაუვლით? მათთან ერთად ვმჯდარვარ, ვიცნობ და გეუბნებით, რომ “აბაროტს” მოგცემენო”.
ვკითხე, “შენ რა, ამასთან არანაირი კავშირი არ გაქვს?”-მეთქი. «კი მაქვს, მაგრამ უკვე შემდეგო».
ვუთხარი: «ეს რა ჩაიდინეთ ოჩამჩირეს რაიონში?”-მეთქი. მიპასუხა: «ნუ, თითოეულ არაკაცზე ხომ ვერ ვაგებ პასუხს? არაკაცები ხომ თქვენც გყავთო».
“შევარდნაძე შტატებში წავიდა და იქ რუსეთის მიმართ ბრალდებები გააჟღერა. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა სრულიად შეიცვალა”
- როგორ ყალიბდებოდა ურთიერთობები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ვლადისლავ არძინბასა და ბორის ელცინს შორის? ყველას გვახსოვს კადრები, როცა ელცინი, არძინბა და შევარდნაძე ჟურნალისტებთან გამოდიან და იქმნება უცნაური ვითარება, როცა ელცინი ცდილობს, არძინბასა და შევარდნაძეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოართმევინოს. ეს წუთები ძალიან მძიმე, დაძაბულ, ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს...
- მე ვისაუბრე იმაზე, რა მოხდა 25 სექტემბერს. შევარდნაძე შტატებში წავიდა და იქ რუსეთის მიმართ ბრალდებები გააჟღერა. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა სრულიად შეიცვალა. უკვე ოქტომბრის დასაწყისში გაგრა გათავისუფლდა და რუსეთთან საზღვარი გაიხსნა.
3 სექტემბერს კი მოსკოვში ომისა და მშვიდობის საკითხი წყდებოდა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. გადაწყდა, რომ კონფლიქტი შეიძლებოდა, პოლიტიკური, მოლაპარაკებების გზით მოგვარებულიყო.
თავიდან, როგორც მე მესმის, ერთი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი, რომელიც ჩვენი მხრიდანაც განიხილებოდა. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, თუმცა მთლიანობაში, ის მისაღები იყო.
“პირველი დოკუმენტი მისაღები იყო, მაგრამ მერე ელცინი და შევარდნაძე განმარტოვდნენ, რის შემდეგაც შეზარხოშებულმა ელცინმა სხვის ხელმოწერა მოითხოვა”
მერე კი, როგორც თავად არძინბამ გვიამბო, გამოცხადდა მცირე შესვენება, რომლის დროსაც ელცინი და შევარდნაძე განმარტოვდნენ. ცოტახანში ელცინი აშკარად “გადაკრულში” გამოვიდა და თქვა: «ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, სხვა გვჭირდებაო». არძინბამ უთხრა, “ეს უნდა განვიხილოთ, ასე ბრმად ხომ არ მოვაწერთ ახალს ხელსო?!». მაგრამ ელცინმა მოუჭრა: “არა, უნდა მოვაწეროთ, ახლა თითოეული პუნქტის განსახილველად დრო არ გვაქსო».
შეიქმნა ასეთი სიტუაცია: აფხაზურ მხარეს რომ ახალი დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა, გამოვიოდა, რომ მშვიდობიან მოგვარებას ვეწინააღმდეგებოდით. ასეთ შემთხვევაში ყველანაირ იარლიყს მიგვაკერებდნენ. თანაც, როგორც არძინბამ გვიამბო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარცხნიდან და მარჯვნიდან უბიძგებდნენ, “მოაწერე, მოაწერე, მოაწერეო”. ისეთი ვითარება იყო, რომ არძინბას სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა, - უნდა მოეწერა.
არადა, ახალ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ აფხაზეთიდან გავიდოდა არა მთელი ჯარი, არამედ ნაწილი, ნაწილი კი დარჩებოდა. თანაც აღარც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოს ფედერალურ მოწყობაზე.
“არძინბამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ფაქტობრივად, დოკუმენტის დეზავუირება მოახდია და შემდეგ შევარდნაძეს ხელი არ ჩამოართვა”
ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც კითხვის დროს აღნიშნეთ: როდესაც ჟურნალისტებთან გავიდნენ, არძინბამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ფაქტობრივად, ამ დოკუმენტის დეზავუირება მოახდია, განაცხადა რა, რომ “ელცინის ხათრით, იძულებით მოაწერა ხელი” და შემდეგ შევარდნაძისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა.
კადრებში ჩანს, რა სახე მიიღო მაშინ შევარდნაძემ – იგი განრისხებული იყო. არავინ ელოდა, რომ ვლადისლავი ასე მოიქცეოდა. არა მგონია, რომელიმე სხვა პოლიტიკოსს იმ სიტუაციაში მსგავსი რამ გაებედა და მოეხერხებინა.
ჩემი აზრით, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ელცინმა არძინბას სხვა თვალით შეხედა.
“შემდგომში ვლადისლავი მეუბნებოდა, რომ ამის შემდეგ მისთვის ყველა კარი ღია იყო, ყველა საკითხს მისთვის გაიდარი წყვეტდა”
- და რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება აფხაზეთისადმი დამოკიდებულებაში ამ შეხვედრისა და ვლადისლავ არძინბას სიტყვით გამოსვლის შემდეგ?
- მოკლედ რომ ვთქვათ, იქ ბევრისთვის გასაგები გახდა, რომ ხელებს გვიგრეხენ, მაგრამ არ ვნებდებით და ვაგრძელებთ! აი, ამას ნიშნავდა ეს. და ყველას ესმოდა, რა მდგომარეობაში იყო იგი [არძინბა], რომ ფაქტობრივად, მარტო უწევდა წინააღმდეგობას მთელს მსოფლიოს.
შემდგომში ვლადისლავი მეუბნებოდა, რომ ამის შემდეგ მისთვის ყველა კარი ღია იყო, ყველა საკითხს მისთვის ეგორ გაიდარი [იმხანად ეკავა მაღალი თანამდებობები რუსეთის მთავრობაში] წყვეტდა, - იგულისხმება ჰუმანიტარული, სასურსათო დახმარება, სხვა თემები.
«იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ის ამ პრობლემებს ხსნიდა. არც ერთხელ არ მომხდარა, რომ ჩავსულიყავი [მოსკოვში] და რომელიმე მისაღებში დამჭირვებოდა მოცდა», – ამბობდა არძინბა.
“იოსელიანი და კიტოვანი განსხვავებული ადამიანები იყვნენ. იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა”
- რაკი ამ ომის საერთაშორისო კონტექსტს განვიხილავთ, იქნებ კიტოვანისა და იოსელიანის როლზეც გვიამბოთ…
- ერთი ადამიანი მიყვებოდა (ეხლა მას არ დავასახელებ) - თბილისში 1992 წლის იანვრის მოვლენების – გამსახურდიას გაძევების შემდეგ ჩასული: თბილისში იოსელიანი დახვდა და როდესაც ერთად მგზავრობდნენ მანქანით, უთქვამს: «იცი, რას ამბობენ აქ ჩემზე და კიტოვანზე? “ხელისუფლებაში ცნობილი ქურდი მოვიდა” – ანუ მე, “და ცნობილი მხატვარიო” - ანუ კიტოვანი!».
რა თქმა უნდა, ისინი განსხვავებული ადამიანები იყვნენ. რამდენადაც ვიცი, იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა. ერთხელ თქვა: «ცხოველიაო». ყასბად თვლიდა, გაუთლელად. თავად იოსელიანი, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი იყო, უფრო გონიერი...
“კიტოვანი გამსახურდიას მტერი იყო. მეგობრობდა გრაჩოვთან, რომელსაც მისი მეშვეობით საქართველოს დსთ-ში შეყვანა სურდა”
ასეა თუ ისე, ისინი წარმოადგენდნენ მამოძრავებელ ძალას.
კიტოვანი ყოფილ “ეროვნულ გვარდიას” ხელმძღვანელობდა და გამსახურდიას მოსისხლე მტერი იყო.
ამასთანავე, ის მეგობრულ ურთიერთობაში იყო გრაჩოვთან. ეს უკანასკნელი ფიქრობდა, რომ კიტოვანის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა საქართველო-დსთ-ის კავშირის გაფორმება. ისე, უანგაროდ ხომ არ დაეხმარათ მათ იარაღით?!...
“იოსელიანს ვკითხე, “რაში გჭირდებოდათ შევარდნაძე”-მეთქი, მიპასუხა: «ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფიები? ჰოდა, შირმა გვჭირდებაო»
აი, იოსელიანი კი სულ სხვა ადამიანი იყო. მაგალითად, იოსელიანი თვლიდა, რომ შევარდნაძე სჭირდებოდა საქართველოს, სიგუა და კიტოვანი კი წინააღმდეგები იყვნენ იმის, რომ ის საქართველოში ჩასულიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც შევარდნაძე მოსკოვში 5 საათის განმავლობაში ესაუბრა, კიტოვანმა აზრი შეიცვალა, სულ სხვა გახდა.
როდესაც იოსელიანს ვკითხე, “რაში გჭირდებოდათ შევარდნაძე”-მეთქი, მიპასუხა: «ხომ იცი, ვინც ვართ? ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფიები? ჰოდა შირმა გვჭირდებაო». ვუთხარი: «თავს დაიღუპავთ»-მეთქი. მაგრამ არ იშლიდა, მაინც თვლიდა, რომ სჭირდებოდათ შევარდნაძე, რომელსაც მსოფლიო იცნობდა. აი, ასე მსჯელობდნენ.
“ეს კრიმინალური ხელისუფლება იყო, გამსახურდია კი - სულ სხვა წრის წარმომადგენელი, უბრალოდ რომანტიკული ნაციონალიზმის თამაშს გადაყვა”
ეს ნაწილობრივ კრიმინალური ხელისუფლება იყო, საქართველოში მოხდა კრიმინალური რევოლუცია. გამსახურდია, რა თქმა უნდა, სულ სხვა წრის წარმომადგენელი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან, ცნობილი მწერლის ვაჟი, უბრალოდ რომანტიკული ნაციონალიზმის თამაშს გადაყვა. მერე, როცა რეალობას შეეჩეხა, მასში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა, თუმცა ჩემი თვალთახედვით, მან ნაციონალიზმის ამ რომანტიზმზე ვერც შემდეგ თქვა უარი.
“ზვიადთან იყო გარკვეული კონტაქტები. იყო მომენტი, როცა მას აფხაზეთისგან დახმარება სურდა”
მასთან იყო გარკვეული კონტაქტები, იყო მომენტი, როცა მას აფხაზეთისგან დახმარება სურდა.
წარმოიდგინეთ, ადამიანი ჯერ ამბობდა, რომ აფხაზები, როგორც ასეთები, არ არსებობდნენ, მერე კი უცებ აფხაზურად ალაპარაკდა: მან ხომ აფხაზურად გააკეთა მიმართვა 1993 წელს, გაგანია ომის დროს! თქვა,რომ ძმები ვიყავით და ერთმანეთს უნდა დავხმარებოდით, რომ შევარდნაძე უზურპატორი იყო და ა.შ.
“რამდენადაც მესმის, ზვიადს სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს საზღვრებში, მაგრამ მას მთელი საქართველო სურდა”
რამდენადაც მესმის, მას სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს საზღვრებში, მაგრამზვიადს მთელი საქართველო სურდა, მთელი საქართველოს მიცემას კი, როგორც ჩანს, მისთვის არ აპირებდნენ.
ხოლო როცა შევარდნაძე მიხვდა, რაში იყო საქმე, მწვანე შუქი აუნთო როგორც დსთ-ში გაწევრიანებას, ისე რუსულ ბაზებს. მაშინ მას დახმარება აღმოუჩინეს და ისიც დსთ-ში შევიდა.
ორ წელიწადში, 1996-ში რუსეთის პოზიციები შესუსტდა და შევარდნაძე კვლავ გაექცა ამ ორბიტას.
“გიორგაძე და ნადიბაიძე პრორუსულებად ითვლებოდნენ. მიდიოდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის”
გახსოვთ მასზე თავდასხმა? მაშინ [იგორ] გიორგაძეს [საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფი] დასდეს ბრალი, მერე ეს უკანასკნელი წავიდა… იყო ნადიბაიძეც – თავდაცვის მინისტრი და ისინი პრორუსულებად ითვლებოდნენ. მიდიოდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის…
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021