კონდოლიზა რაისი – მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "ვიმედოვნებ, სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას"
13/01/2023 16:17:26 პოლიტიკა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ "ყველა სრულფასოვნად გააცნობიერებს სააკაშვილის ისტორიულ როლს". ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
"გულწრფელად გეტყვით, მჯერა 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას", – განაცხადა რაისმა.
ამასთან, მან გაიხსენა ბუქარესტის სამიტი, რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას უძღოდა წინ და საქართველოს მაშინ MAP არ მიანიჭეს. როგორც რაისი ამბობს, შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატო-ს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა.


