"ხალხის ძალის" მტკიცებით, სააკაშვილის "პარტნიორებს" ორი მიზანი აქვთ
16/01/2023 09:42:22 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შექმნილი მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის "პარტნიორები" თუ მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ, გეგმა მისი "მოშორება" იქნება.
მათი მტკიცებით, საბოლოო მიზანი ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნაა".
ამ განცხადების მიხედვით, სააკაშვილი თავის "პარტნიორებს" აშანტაჟებს 2008 წლის ომთან და 2003 წლის "ვარდების რევოლუციაზე" მტკიცებულებების გასაჯაროებით.
"ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.
სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება", - წერია განცხადებაში.
ხსენებული მოძრაობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ვინ იგულისხმება სააკაშვილის პარტნიორად მათ განცხადებაში:
"არ მეგონა, თუ კიდევ დაგვჭირდებოდა იმის მტკიცება, ვინ არიან სააკაშვილის პატრონები უცხოეთში. მისი სურათები ვის აქვს გამოფენილი ევროპარლამენტში? - გადაახვიეთ რამდენიმე დღის წინანდელი სიუჟეტები და ნახავთ, ე.წ. FreeMisha ვინ გამოფინა. გარკვეული ძალები, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირი განსაკუთრებით აშშ-დან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში იქნება, ევროინტეგრაციას პრობლემა შეექმნება - იგივე ბატონი მაკფოლი, რომელმაც საუბარი დაიწყო მის სიკვდილთან დაკავშირებით".
საპასუხოდ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი შვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ:
„მის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან. ჩემ შვილის შესაშინებლადაა და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, როგორც ჩანს. პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია“.
ეს პირველი განცხადება არ არის, როცა "ხალხის ძალა" პარტნიორებს ქვეყანაში "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილში ღიად ადანაშაულებს. ამ კონტექსტში იყო ნახსენები ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც. ყოფილი თანაგუნდელების ანტიდასავლურ განცხადებებს მმართველი პარტიის ლიდერები არ ემიჯნებიან. მეტიც, ისინიც ხშირად აქცენტირებენ "მეორე ფრონტის" თემაზე. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება "მეორე ფრონტის" თემას მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად იყენებს.


