ვოლსკი: "კახეთში ბერძენიშვილის მხრიდან ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა"
17/01/2023 12:20:38 პოლიტიკა
„ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ეს ლექცია იგეგმებოდა, “- ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მმართველი გუნდის დეპუტატი ვოლსკი თვლის, რომ ბევრძენიშვილის მხრიდან კახეთში ლექციის ჩატარება პროვოკაციაა.
„არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს „ალტ- ინფო“, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში, “- თქვა დეპუტატმა.
15 იანვარს ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელმა ნიკა გურინმა, facebook-ზე დაწერა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, „ილია, ჩვენი ევროპელი მამა”, თუმცა „სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილებმა” პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
იმავე დღეს ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.


