Accentnews.ge
ნიკა მელიამ ენმ–ის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის როლზე ილაპარაკა

ნიკა მელიამ ენმ–ის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის როლზე ილაპარაკა

17/01/2023 19:29:57 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „TV პირველის" ეთერში ისაუბრა პარტიის საქმიანობაში ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრების როლის შესახებ.

მისი თქმით, რეალურად 9 ნოემბრის (როდესაც ახალგაზრდების ჯგუფმა გააკეთებინეს განცხადება სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა) „მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, ავტორნი იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი“.

მელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მერაბიშვილი და კეზერაშვილი მართავენ:

„ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ. ეს არის სიმართლე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ამომრჩეველს, პოტენციურ ამომრჩეველს, აქტიურ მხარდამჭერს, რა პოზიცია შეიძლება მათ დააფიქსირონ არჩევნებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი პატივისცემა მათდამი პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს სიმართლის თქმაში“.

ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან თანამშრომლობის პერიოდი და თქვა რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა მასთან რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, თუმცა, მელიასვე თქმით, როდესაც ის დარწმუნდა, რომ კეზერაშვილს ჰქონდა „არაფორმალური გავლენის პარტიაში შეტანის სურვილი“, ზოგ შემთხვევაში, მისი „გვერდის ავლით“, ასევე „გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად“, შევწყვიტა თანამშრომლობა.

რაც შეეხება მერაბიშვილს, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ერთად აღებულ ოთხივე კანდიდატზე მეტად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში:

„ის პრაქტიკულად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ერთ-ერთი კანდიდატის. ეს ყველაფერი იმალება. რატომ? არ ვცემთ პატივს ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს?!".

მან გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც მელია გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო:

„ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. ის ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან, ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, დატოვეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მელიას საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ. გამოუნახეს საერთო შეხების წერტილები ჩვენი შტაბის წამყვან წევრებს".

მისივე თქმით, მოგვიანებით, დროთა განმავლობაში, ცენტრალურ შტაბში მის გარშემო შემცირდა ადამიანთა რაოდენობა. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდნენ და უამბეს მომხდარის შესახებ. თავად მერაბიშვილმა, მელიას თქმით, მასთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა.

ნიკა მელია მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოუწოდებს, რომ ღიად გამოჩნდნენ პარტიის საქმიანობაში.

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S