"ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლს მოქალაქეობა ჩამოართვას": "დემოკრატიის მცველები" საკანონმდებლო წინადადებას და პეტიციას ქმნიან
18/01/2023 09:49:47 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები" ქმნის საკანონმდებლო წინადადებასა და პეტიციას, რომლითაც ითხოვს, ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს უფლება, შეუწყვიტოს უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ ქართველებს მოქალაქეობა.
"საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად. [...]
არსებული ჩანაწერი იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ", - წერია "დემოკრატიის მცველების" განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ ინიციატივის მიზეზია გასული წლის დეკემბერში მმართველი პარტიის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მებრძოლთათვის მოქალაქეობის საკითხს შეეხებოდა.
"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს", - თქვა მმართველი პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ 8 დეკემბერს.
პოლიტიკოსის ეს განცხადება უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს.
ჟურნალისტებმა ამ საკითხზე განმარტების გაკეთება მამუკა მდინარაძეს 13 დეკემბერს სთხოვეს. მან "ბინძური ტყუილის" გავრცელებაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია დაადანაშაულა.
"თქვენ სცადეთ მებრძოლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ვიღაც მტრობს და თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს. ამ დროს უამრავი დათქმა აქვს იმ მუხლს და თქვენი ბინძური ტყუილი იყო ეს." - თქვა მან.
14 დეკემბერს ამავე პარტიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა: "ბინძურ პროვოკაციებს, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, სიცრუის ტირაჟირებას - თითქოს ამ გმირ და მებრძოლ ვაჟკაცებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს ან მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება, არის ამორალური".


