
ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა იარაღს და საწვავს – Die Welt
19/01/2023 06:36:23 ევროპა
ომის პირველ თვეებში ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა შეიარაღებას და საწვავს,- იუწყება გერმანულ გაზეთი Die Welt, რომელმაც გამოძიების მიგნებები 18 იანვარს გამოქვეყნა.
ჟურნალისტების ცნობით, 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინის არმიისთვის გაგზავნილი ამუნიციის 30%-მდე და დიზელის საწვავის 40%-მდე სწორედ ბულგარეთიდან გაიგზავნა.
ჟურნალისტები ეყრდნობიან ინტერვიუებს, რომლებიც აიღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, ასევე ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრისგან.
ბულგარეთის ყოფილი პრემიერი კირილ პეტკოვი საჯაროდ უარყოფდა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ მიწოდება ხდებოდა რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში მოქმედი შუამავალი კომპანიების მეშვეობით.
გამოცემის ცნობით, ოპერაცია ფინანსდებოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბულგარეთის არმიას საბჭოთა წარმოების ამუნიციის მნიშვნელოვანი მარაგი მოეპოვება. ეს საბრძოლო მასალა გამოიყენეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომლის სამხედრო ტექნიკა ომის დაწყების პერიოდში ძირითადად საბჭოთა სტანდარტებს შეესაბამებოდა.
გამოძიების მიხედვით, ამავე გზით აწვდიდა ბულგარეთი უკრაინას დიზელის საწვავს. ის იწარმოებოდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში. ქარხანა მაშინ რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა და ნედლი ნავთობიც რუსული იყო.
დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა საფრთხე, რომ უკრაინის არმიას შესაძლოა, აპრილის ბოლოსთვის ამოწურვოდა ამუნიცია, და ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გაემგზავრა მოლაპარაკებების გასამართად ბულგარეთში, რათა შეეთანხმებინა იმპორტის საკითხი.
2022 წლის ივნისში ბულგარეთის სახელმწიფო თავდაცვით-საექსპორტო კომპანია Kintex-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მიხაილოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ამუნიცია. ოფიციალურად ექსპორტი ხორციელდებოდა შუამავალ ქვეყნებში. დიზელის საწვავი ზღვით ჩაჰქონდათ რუმინეთში, საიდანაც ის უკრაინაში იგზავნებოდა.
2022 წლის დეკემბერში ბულგარეთის მთავრობამ ოფიციალურად მოიწონა უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირ მიწოდება. შარშან ნოემბერში სოფიამ ევროკომისიას სთხოვა ნებართვა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში.
ბურგასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მთლიანად გადავიდა ბულგარეთის მმართველობაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021