ვეთანხმები პრეზიდენტს, ამიტომ, იმედი მაქვს, გვარამიას შეიწყალებს – იუკნევიჩიანე
19/01/2023 08:36:08 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
ევროპარლამენტარის თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად ეთანხმება და იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
ამასთან, იუკნევიჩიანე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ ევროპარლამენტარებმა გვარამის შეწყალების თხოვნით წერილი მას ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გაუგზავნეს.
„მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტს. ამიტომ, იმედი მაქვს, ის შეიწყალებს ნიკა გვარამიას. ამის შესახებ პრეზიდენტს წერილი ევროპარლამენტარებმა გასული წლის ნოემბერში გაუგზავნეს.
საქართველო ევროპაა, მაგრამ საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო“, – დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტარმა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სრულყოფილი არ არის, თუმცა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი მეორედ მიიღოს. ამის შესახებ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის მინიჭება რუსეთისთვის გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელსაც მართალია, ნატო-ს მეხუთე მუხლი არ ფარავს, თუმცა მას არ შეუძლია აქ ისე მოიქცეს, როგორც სურს.


