გრინსერვის+-მა, რომლის დირექტორიც ვაკის პარკის საქმეზე დააკავეს, მერიის ტენდერი მოიგო
19/01/2023 11:19:07 პოლიტიკა
კომპანია გრინსერვის+-მა, რომლის დირექტორი და თანამშრომლები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე არიან დაკავებული, თბილისის მერიის ტენდერი მოიგო.
ამჟამად კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
მერიამ 3,5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, კომპანიამ კი 3,1 მილიიონი ლარი შესთავაზა.
გრინსერვის + ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.
დოკუმენტების თანახმად, გრინსერვის+ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოებს ჩაატარებს.

ცნობისთვის: კომპანია "გრინსერვის+", რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დააკავა, თბილისის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 86 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული - ამ დროის განმავლობაში "გრინსერვის+" სახელმწიფო სტრუქტურებიდან მხოლოდ მერიისა და მასთან დაკავშირებული უწყებების შესყიდვების გამარჯვებულია.
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება, რომელიც "გრინსერვის+-მა" თბილისის მერიასთან დადო, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. კომპანიას უკვე აღებული აქვს 6 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხელშეკრულების თანხა კი 13 მილიონ ლარამდეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მიხედვით, შპს „გრინსერვის+-ის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ამ ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების შესახებ ყალბი დასკვნა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. დანაშაულებრივ სქემაში, რამაც 13 წლის ბავშვის დაღუპვა გამოიწვია, მხილებულია კიდევ 8 ადამიანი.


