კახა კალაძე: „ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა
19/01/2023 11:30:03 პოლიტიკა
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.
„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის - „ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.
რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. პროექტი ახლისა და ძველის შერწყმით განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ, 18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.
"65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას - ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)"- წერს აბესაძე.


