ხაბეიშვილი: თუ საჭირო გახდა [შევვარდებით და გამოვიხსნით სააკაშვილს], ამასაც გავაკეთებთ

25-01-2023 01:26:34 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვაზე – „შევარდებით და გამოიხსნით ფიზიკურად სააკაშვილს?“ – ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასეც მოიქცევა:

„თუ საჭირო გახდა ამასაც გავაკეთებთ, ნუ გგონიათ რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან აქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ…“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.გეგმებზე საუბრისას ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ყველა რაიონში „მიშას გასათავისუფლებელი ოფისი“ გაიხსნება.

„პირველი – ყველა რაიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები, მეორე – ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს და მესამე – მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში სასეირნოდ ჩავიყვანო. არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე „რუსულ ოცნებას“ უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის და […] როცა კანონგარეშეა ფაქტობრივად ხელისუფლება და როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენ შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ ფიზიკურად უკან დავიხიო რამეზე და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას“. ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „რევოლუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალო“.

ლევან ხაბეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში ნიკა მელიაც გააკრიტიკა.

„როცა გავიგე, რომ ნიკა მელია 9 საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები