ადამ კინზინგერი: „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს"
25/01/2023 09:52:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ განაცხადა და გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია CNN-ს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
რამდენიმე დღის წინ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმჯდომარემ ურზულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.
CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ევროკომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, რომ "სერიოზული ძალა არის დაინტერესებული საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის" გახსნით".
მანამდე, 13 იანვარს, გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების პირობებში, რუსეთი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის.


