სააკაშვილი: "გამორიცხული არაა, ხალხი, რომელმაც საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ"
27/01/2023 18:28:11 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.
ამასთან, არ გამორიცხა, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი "დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ":
“რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...
სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, იგი საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს:
“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ. ძალიან საცოდავია იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”.


