ბეჟაშვილი ენმ–ის თავმჯდიმარედ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ: "ეს გამარჯვება არ არის საზეიმო"
30/01/2023 07:01:18 პოლიტიკა
"ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.
ბეჟაშვილის თქმით, პარტიის გაერთიანებისა და მისი კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
„ვფიქრობთ, რომ ეს შედეგი სამართლიანი იყო. ამ შედეგების პროგნოზირებას ვახდენდით იმ კვლევების საფუძველზე, რომელიც ყველა არჩევნების დროს ტარდება. ჩემთვის, ეს გამარჯვება არ არის საზეიმო. ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის და პარტიის წინაშე. არ ვაპირებთ ზეიმს. ვაპირებთ, ხვალიდან პარტიის გაერთიანება დავიწყოთ, მათ შორის, ყველა კანდიდატთან და მის საარჩევნო შტაბთან. ერთობლივად უნდა დავსახოთ სტრატეგია, რომელიც პარტიას კრიზისიდან გამოიყვანს და პარტიის ყველა წევრს საბრძოლველად განაწყობს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


