ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილი "ქოცების" არჩეული იყოს
30/01/2023 07:56:00 პოლიტიკა
"გირჩის" წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "ქოცების" არჩეული იყოს.
მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა. იგი ენმ–ის წევრებს მოუწოდებს, დატოვონ პარტია.
"არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ შემთხვევით თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია. ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს”, - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


