ნიკა მელია: "ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია"
30/01/2023 08:55:00 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიაში რჩება და აგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი რუსული რეჟიმის პირადი ტყვეა. მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
"ამ ბრძოლაში გააზრებულად, მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს, და ის მიზნები, და ამოცანები რომლის მიღწევა და შესრულება მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ არის შეუსრულებელი. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, მე ბუნებრივია, ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა", - განაცხადა მელიამ.
რა პოზიციაზე და როგორი ჩართულებით გააგრძელებს ნიკა მელია პარტიაში საქმიანობას, ჯერ ცნობილი არაა.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


