გია ვოლსკი: "ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი"
30/01/2023 10:49:55 პოლიტიკა
ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, "კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია".
„ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით. კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი“ - განაცხადა ვოლსკიმ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


