ავსტრიის კანცლერი – ევრორეკომენდაციების შესახებ: "ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა"
30/01/2023 12:11:39 პოლიტიკა
ავსტრიის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
როგორც კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევრორეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა.
„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრეს–კონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი მათ შორის მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მართლაც არსებობდა ამ თემაზე დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის „ნოუ ჰაუს“ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.


