ფეიგინი სააკაშვილთან დაკავშირებით ახალ გეგმას აანონსებს: "საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ სხვანაირად ვიმოქმედებთ"
31/01/2023 07:48:22 პოლიტიკა
რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი, რომლის ინიციატივითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს საქარტელოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა, ახალ გეგმას აანონსებს.
მისი განცხადებით, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე არ რეაგირებს, სხვა ტაქტიკას მიმართავენ, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის უფრო მტკივნეული იქნება.
ფეიგინის აზრით, საჭიროა გაძლიერდეს ზეწოლა აშშ-ისა და დასავლეთის ლიდერებზე, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ იმ პოლიტიკურ ცენტრებზე, რომელთაც ზემოქმედების სხვადასხვა - სანქციებისა თუ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები აქვთ.
"საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერ–ჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს. დააკვირდით შეფარდებას. მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ ახლა უკვე აშშ-ის და ევროპის, მათ შორის იმ საფრანგეთის ლიდერებს - რომლის მოქალაქეობაც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად ჰუმანიტარული აქციისთვის, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს", - ამბობს ფეიგინი.


