არჩევნები დასრულდა: რა რჩება ენმ–ის გამოწვევად

31-01-2023 13:31:34 ანალიზი

მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა მის მთავარ კონკურენტ ნიკა მელიას (40%) სოლიდური უპირატესობით (52,58%) მოუგო, მთავარ კითხვებად რჩება, როგორ და რა შემადგენლობით გააგრძელებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია პოლიტკურ ველზე ბრძოლას? შეძლებს თუ არა ახალი თავმჯდომარე პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას, რაც სავარაუდოდ, არ იქნება მარტივი ამოცანა წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული უმწვავესი ურთიერთბრალდებების ფონზე და როგორ შეასრულებს დაპირებებს, მათ შორის პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე?

„შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი“, - ამგვარია პირველი პუნქტი ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან. დასახულ ამოცანებს შორის ასევეა:

  • პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და სრულფასოვანი ამოქმედება, რომელიც „მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან“; (პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე კვლავ პეტრე ცისკარიშვილი დარჩება);
  • თბილისის პარტიული ორგანიზაციის განახლება და გაძლიერება;
  • ახალგაზრდული ორგანიზაციის მოქმედება, „რომელიც დღეისთვის ფაქტობრივად ქმედითუუნაროა“ - პარტია უნდა იყოს „ახალი თაობის სამჭედლო“ და გაიხსნება პოლიტიკური სკოლაც;
  • რაიონული ორგანიზაციების გაძლიერება; რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მათ აირჩევს რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები;
  • საკრებულოს წარმომადგენლობების ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი კონგრესის ჩამოყალიბება, რომლის კარი იქნება ღია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა რეგიონალური განვითარების პროექტების შემუშავებაში;
  • პოლიტიკური საბჭოს არჩევნების ჩატარება მარტში - „პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“.
  • ქალთა ორგანიზაციის განვითარება და აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ემიგრანტების აღრიცხვა და ჩართულობის გაძლიერება - ემიგრანტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ პოლიტსაბჭოში და საარჩევნო სიაშიც;
  • ზეპარტიული სათათბიროს ჩამოყალიბება, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები;
  • პარტიის ბიუჯეტის განკარგვა პროექტების მიხედვით.

რაც შეეხება ერთობის შენარჩუნებას, რომლის აუცილებლობის თაობაზეც არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმაც გაამახვილა ყურადღება ბრიფინგზე, 30 იანვარს პარტიული თანამდებობები, მაგრამ არა პარტია, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს რიგმა პოლიტიკოსებმა. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა კობა ნაყოფიამ, თუმცა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და სამკურნალოდ გადაყვანამდე რჩება პარტიაში; პოსტი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი მინაშვილმა; ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ; თანამდებობა ასევე დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი პატარაიამ; საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემ; სტრატეგიული განვითარების მდივანის – თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა გოგოლაძემ.

დაძაბული წინასაარჩევნო დაპირისპირების მიუხედავად, კონკურენტს გამარჯვება მიულოცა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, პარტიამ შეინარჩუნოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრაქტიკა. ამასთან, მან ბრიფინგზე არაერთხელ გაიმეორა, რომ პარტიის მართვა უნდა მოხდეს „ღირსებითა და სიმართლით“:

„არჩევნები შედგა. არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ, რა თქმა უნდა, ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი თვეების განმავლობში საჯაროდ ვსაუბრობდით - ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მე უნდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს“.

იყო მოლოდინი, რომ მელია პარტიას დატოვებდა, თუმცა თავად თქვა, რომ რჩება განსაკუთრებით მანამ, „სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმის“. ხოლო შემდეგ ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, სამომავლოდ რა დოზით იაქტიურებს უშუალოდ პარტიულ ცხოვრებაში:

„ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში. თუმცა ენერგიით ვიქნები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში".

ლევან ხაბეიშვილს ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მისი კიდევ ერთი კონკურენტი გიორგი მუმლაძე, რომელმაც არჩევნებში 3.68% მიიღო. მილოცვას შეუერთდა ენმ–ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილიც, თუმცა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ არჩვენების შედეგები არ აძლევს იმედს, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროცესი დაიწყება: „დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“.

ჟურნალისტებს სააკაშვილის პოზიცია საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედამ – გიული ალასანიამ გააცნო მისი მონახულების შემდეგ:

"არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. ახლა ასეთი პოზიცია აქვს, „დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, ის ნამდვილი გმირია. მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ დიდ წარმატებებსო“. დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, ძალა ერთობაშია და საუბარი არ იყოს დაშლაზე".

ენმ–ის წევრი, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, წინასაარჩევნო კამპანიისას არავის სასარგებლოდ უმოქმედია და არც უშუალოდ არჩევნებში მიუცია ხმა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, პრაგმატულად აფასებს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, აპირებს, პარტიაში დამარცხებულის მხარეს იყოს და თვლის, რომ ახლა „სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენასა“ და რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია, „გამარჯვებულმა დამარცხებულს უნდა შეუქმნას პლატფორმა, რომ ის პარტიულ პროცესებში იყოს ჩართული და არც დამარცხებული უნდა იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში“: „მთელი ამ ხნის განმავლობაში მესმოდა, „ვნახავთ აბა, ხაბეიშვილი რას იზამს“. ეს არაა სწორი“.

„მთავარი, რაც ამომრჩეველმა გვითხრა, არის ის, რომ სურს, ცვლილება. ეს არ ნიშნავს პარტიული თანამდებობების გადანაწილება – ამომრჩეველს სურს, ნახოს უფრო აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა #1 გამოწვევაა, ჩვენმა მხარდამჭერებმა იგრძნონ, რომ ერთიანობაზე საუბარი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება არაა, რომ რეალობაა და ეს განსაკუთრებით რეგიონებში უნდა დაინახონ; ძალიან სწრაფად უნდა შევძლოთ რაიონული ორგანიზაციების გაძლიერება (რაც მთავარი ბირთვია „ნაციონალური მოძრაობის“) – ამ არჩევნებმა გვანახა, რომ ამ ორგანიზაციებში გვქონდა პრობლემები; პარტია ძალიან სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგიაზე“,– თვლის წითლიძე.

პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ძაბირაძე პოზიტიურად აფასებს შიდაპარტიულ დემოკრატიულ პროცესს, რასაც მისი ხედვით, ჩრდილი მიაყენა პროცესმა, რომელიც ყოველ არჩევნებზე იჩენს ხოლმე თავს საქართველოში – ბრალდებები, კომპრომატები, ამასთან, გამოჩნდნენ კულუარებში მყოფი პირები [ნიკა მელიამ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ყოფილი მინისტრები – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ებრძვიან ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით] და თუ დავსვამთ კითხვას, ზოგადად ვინ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, „რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“:

„მთელი 10 წელი საარჩევნო ბატალიებში „ქართული ოცნების“ #1 თემა იყო, „თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, „ნაციონალები“ დაბრუნდებიანო. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თემა გაცვდა, მით უმეტეს, როდესაც „ნაციონალებზე“ ლაპარაკობ და სააკაშვილი ციხეში გყავს, ეს თემა ისე ვეღარ იმუშავებს, როგორც მუშაობდა. მას სჭირდებოდა რაღაც ახალი ელემენტების და ტონების შეძენა და შეიძინეს კიდეც“: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება დღეს თქვას, „ნაციონალები ბრუნდებიანო“ – მერაბიშვილი, რომელიც ასოცირდება რეპრესიებთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის დროს ხორციელდებოდა, პოლიტიკაში შემოვიდა. „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებისთვის უკეთესი სალაპარაკო თემა რა უნდა ჰქონდეს, იმ პრობლემების ფონზე, რაც თავზე აყრია – იქნება ეს სოციალურ–ეკონომიკური საკითხები, უკრაინასთან თუ რუსეთთან ურთიერთობები... სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მათ ამ ეტაპზე მოიგეს პოლიტიკური ბრძოლა, შემდეგ ეს შეიძლება, შეიცვალოს“.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ასევე დადებითად აფასებს დემოკრატიულ პროცესს, ფიქრობს, რომ თუ პარტიამ არსებული კრიზისი გადალახა, შემდეგი 2024 წლისთვის დადგება, როდესაც საარჩევნო პარტიულ სიაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ფიქრობს, რომ ხაბეიშვილმა ტონალობა უნდა შეცვალოს:

„ხაბეიშვილს რადიკალიზმი არ გამოადგება, მით უფრო, როგორც ამბობენ, მის უკან დგანან კეზერაშვილი და მერაბიშვილი. განსაკუთრებით მერაბიშვილის მიმართაა საზოგადოებაში მიუღებლობა და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, მუდმივად შექმნას საზოგადოებისთვის „ბუა“ ენმ–ის სახით. ამიტომ, მისი რადიკალიზმი დამანგრეველი იქნება პარტიისთვის. საზოგადოებაში არაა პოპულარული რადიკალიზმი, რევოლუციები. მელიაც ასეთივე რადიკალი იყო, მაგრამ დაღვინდა, მიხვდა რა რეალობას და ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. იმედია, ხაბეიშვილი მიხვდება, თუ რა სერიოზული თანამდებობა უკავია და ისიც დაიწყებს უფრო ზომიერი პოლიტიკის განხორციელებას. ნებისმიერი რადიკალიზმი მხოლოდ ენმ–ის წინააღმდეგ იმუშავებს და ამან შესაძლოა, შემდეგ ჯერზე კვლავ გამოიწვიოს შიდა გაყოფა“.

მისი ხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, სუსტდება თუ ძლიერდება ენმ, ქვეყნის დემოკრატიისთვის უარყოფითი პროცესი არაა, რადგან მისი განხიბლული ამომრჩეველი დაიწყებს ძებნას, ვის მისცეს ხმა „თავისი სახელმწიფოს გადასარჩენად“ და ეს შესაძლოა, მცირე პარტიებს დაეხმაროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები