კულტურის სამინისტრო გელათის შესახებ დასკვნას „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულს" უწოდებს
31/01/2023 20:00:30 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის სამინისტრო ეხმიანება გელათის შესახებ კვლევას, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ამასთან, პასუხობს პარტია „ლელოს" წევრთა განცხადებებს.
სამინისტრო ირწმუნება, რომ კვლევით ცენტრი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება მინისტრ თეა წულუკიანს:
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავიდანვე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ზემოხსენებული კვლევითი ცენტრი სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა. მას შემდეგ, რაც, 2021 წლის მარტში, სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას.
დასანანია, რომ 2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს, მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით".
სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ ცენტრის დოკუმენტი შორს არის სამეცნიერო დასკვნისგან:
„კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
ამასთან, რამდენადაც სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს".
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი, ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში მოისურვეს, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში.
„აშკარაა, რომ უცნაურ „მეცნიერულ“ საქმიანობასთან გვაქვს საქმე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამინისტრო დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობაზე საუბრობს:
„აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თვალში საცემია დასკვნის ზედაპირულობა და დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობა, რომლებიც „ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით“ აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ. ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს".
სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მზად იყო და კვლავაც მზად არის, გაითვალისწინოს ყველა კონკრეტული რჩევა, წინადადება თუ უკეთესი საკონსერვაციო მეთოდოლოგია გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გასაუმჯობესებლად და არა - პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა თუ ვიწროპარტიული ინტერესით განპირობებული უსარგებლო ბრალდებები".
30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა".
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სამინისტროს აუდიტის სამსახური შეისწავლის.
„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს.


