სარჯველაძე ხაბეიშვილის შეთავაზებას "კომიკურსა და არასერიოზულს" უწოდებს
01/02/2023 10:42:09 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტი და საკრებულოები დატოვოს, "კომიკური" და "არასერიოზული" უწოდა.
„იმდენად არასერიოზული განცხადება იყო, რომ ეს შეთავაზება თავდაპირველად უცნაურად გამოიყურებოდა. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს? ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან არასერიოზულია, პოლიტიკურ პროცესს შეიძლება აკნინებდეს და საზოგადოების თვალში რეპუტაციას უმცირებდეს.
პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და არ შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად. რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა, პარლამენტში მისი ყოფნა-არყოფნა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ამიტომაა ეს ყველაფერი არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ კომიკური“, – განაცხადა სარჯველაძემ.


